აშშ-ის ელჩმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. რიჩარდ ნორლანდმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და არმიის მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი იმყოფებოდნენ.
ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ აშშ-ის ელჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.
„ჩემთან ერთად დღეს არიან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები და ჩვენ პატივს მივაგებთ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. როდესაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი ვაშინგტონს სტუმრობდა, იგი მივიდა და გვირგვინით შეამკო არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
დღეს ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ ამერიკელი ხალხის სახელით ვსტუმრობ გმირების, იმ ადამიანების მემორიალს, რომლებიც ბრძოლაში დაიღუპნენ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები უმაღლეს პროფესიონალიზმს ავლენენ. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები მათ პარტნიორებად, მეგობრებად და ძმებად მიიჩნევენ. ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ ასეთი გმირების ხსოვნას“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.

26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატები დაღუპულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან დღეს ამერიკის სამხედრო ატაშე საქართველოში და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ცერემონიალში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი და სარიტუალო ასეული მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები