სოსო არჩვაძე: მსოფლიო ბანკის შეფასება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია არ არის, იგი მნიშვნელოვანი რეპუტაციული ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას ექსპერტები აფასებენ.
სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ადრინდდელ მაჩვენებელთან შედარებით „წამატებული“ 0.2 პროცენტი, ჩვენი ეკონომიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, დამატებით 85 მილიონი ლარის მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებას ნიშნავს.
„მსოფლიო ბანკის შეფასება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია არ არის. იგი, მნიშვნელოვანწილად, რეპუტაციული ინდიკატორიცაა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მის სისტემურ მდგრადობაზე და განვითარების პოტენციალზე. მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მატება ადრინდელ შეფასებებთან შედარებით ასევე დააფიქსირეს ისეთმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი. აღნიშნული ინფორმაცია პირდაპირი პოზიტიური გზავნილია უცხოელი ინვესტორებისათვის. იმ ეკონომიკური, ფინანსური, საქმიანი თუ პოლიტიკური წრეებისათვის, რომლებსაც უკვე აქვთ ურთიერთობა საქართველოსთან ან განზრახული აქვთ, ქართულ ბიზნეს წრეებთან ურთიერთობების დამყარება“,-აცხადებს ეკონიმიკის ექსპერტი.
სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პოზიტიური დატვირთვა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენი მეზობლებისა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების – თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ეკონომიკების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლების შემცირების ფონზე. დასახელებულ ქვეყნებზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 40 პროცენტი და ჩვენი აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის ორი მესამედი. „ყოველივე ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკას გააჩნია საკმაოდ მაღალი მდგრადობის დონე, სტაბილური განვითარების პოტენციალი, რაც ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის შედეგია“,-აცახდებს სოსო არჩვაძე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წლისთვის 0.2 პუნქტით – 5.0 პროცენტამდე გაზარდა, რაც ერთერთი მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები