რა მოხდა მსოფლიოში საახალწლო არდადეგებზე

ტრაგედია მაგნიტოგორსკში


მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ წელს ზეიმობდა ხალხი მაგნიტოგორსკში სიკვდილს ებრძოდა. რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვა და აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა. ეს ტრაგიკული შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა სამძებრო სამუშაოების დროს 5 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, მათ შორის, 11 თვის ჩვილისაც.

ჯაშუშური სკანდალი

31 დეკემბერს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოსკოვში “ჯაშუშური აქციის” ჩატარებისას ამერიკის მოქალაქე პოლ უილანი დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ბრიტანულთან ერთად, ირლანდიისა და კანადის პასპორტიც ჰქონდა.
უილანს იზოლატორში აშშ-ის ელჩი ეწვია, ბრიტანულმა ხელისუფლებამ რუსეთს საკუთარი ელჩის ვიზიტის გამოთხოვებით მიმართა.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რაში ადანაშაულებენ უილანს. ის თავის თავს დამნაშავედ არ თვლის.

ჩინური ზონდი მთვარის მეორე მხარეს დაეშვა

დილით, 3 იანვარს ჩინური კოსმოსური ზონდი “ჩანე-4” პირველივე ცდაზე მთვარის მეორე მხარეს წარმატებით დაეშვა. ეს მსოფლიოს ისტორიაში პირველი დაშვებაა მთვარის მეორე მხარეზე და დიდი ნაბიჯია კოსმოსის შესწავლის კუთხით.

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ტომასს მოაწერა ხელი. ამ საშუალებით, ფორმალურად დასრულდა ახალი ეკლესიის შექმნა.

“შათდაუნი” აშშ-ში

ჯერ კიდევ 22 დეკემბერს, სენატის მიერ 5 მილიარდის გამოყოფაზე უარის თქმის გამო აშშ-ის ხელისუფლებამ ნაწილობრივ შეწყვიტა მუშაობა.
4 იანვარს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს კედლის აშენების პირობა დადო, განაცხადა, რომ მზად არის “შათდაუნისთვის” თვეების და წლების მანძილზე.

ლტოლვილი საუდის არაბეთიდან დეპორტს გადაურჩა

საუდის არაბეთის მოქალაქემ, 18 წლის გოგონამ ისლამი უარყო და სახლიდან გაიქცა. გოგონა ტაილანდის ერთ-ერთ სასტუმროში იმ მიზნით იმალება, რომ როგორც ის ამტკიცებს, მას სამშობლოში სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. ტაილანდის მთავრობის განცხადებით, გოგონას არ გამოადეპორტებენ.
გოგონა ტაილანდის გავლით ავსტრალიაში უნდა გაფრენილიყო, მაგრამ მას ტაილანდში პასპორტი წაართვეს და სახლში დაბრუნებას აიძულებდნენ, რა დროსაც გოგონა აეროპორტის სასტუმროს ოთახში იყო ჩარაზული და არ გამოდიოდა.
დღეს კი ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა რომ გაერომ გოგონას ლტოლვილის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები