“თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა”

ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას, აღნიშნა, რომ თამბაქოს ნაწარმზე ადვალური გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა.
„კერძო სექტორს საქმიანობის დასაგეგმად სჭირდება პროგნოზირებადი გარემო და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე მიღება აზიანებს დარგის ინტერესს. ცნობილია, რომ დაგეგმილია საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე რვა წელიწადში მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, შესაბამისად მნიშვნელოვანია აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, რომელშიც გაწერილი იქნება გადასახადის ყოველწლიური ზრდა, რათა დარგმა შეძლოს გრძელვადიანი ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა. თამბაქოს ნაწარმზე ადვალური გადასახადის გაზრდის შესახებ დარგთან კომუნიკაცია არ მომხდარა“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
ცნობისათვის, 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები