“თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონი ლარით დააჯარიმა

„თიბისი ბანკის“ ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ის ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციაზე საუბარი ქართულენოვანში არ ყოფილა.
ბანკის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, გამოიყენებს თუ არა ეროვნული ბანკი დამატებით სანქციებს. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ჯარიმა უკვე გასაჩივრებულია და სასამართლომ მისი გადახდა გადაავადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი 2007 და 2008 წლის ცალკეულ გადარიცხვებს სწავლობს. ეს გადარიცხვები კი, ეროვნული ბანკის მოსაზრებით, ბანკსა და იმ კომპანიებს შორის განხორციელდა, რომლებიც „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელ პირებთან არის დაკავშირებული.
ბანკის ცნობით, საქმე 2008 წელსაც შეისწავლეს, თუმცა მოკვლევა შედეგის გარეშე დასრულდა.
„გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. „თიბისი ბანკი“ უარყოფს ბრალდებებს და გეგმავს, დაიცვას საკუთარი პოზიცია“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “თიბისი ბანკიდან” გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.
მოგვიანებით კი საქართველოს ეროვნული ბანკი გენერალური პროკურატურის მიერ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ “თიბისი ბანკი” ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები