ექსკლუზივი: მამუკა ხაზარაძეს იჭერენ?! – რა სკანდალურ საქმეს იძიებს პროკურატურა?

0

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო შესაძლოა ბრალი წარუდგინონ.
„კვირასთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა იმ სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომლის გამოძიებასაც საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმად „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მრავალსვლიანი ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი მაქინაციების შესწავლა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთის მხრივ საქმეს სწავლობს ეროვნული ბანკი, ხოლო სისხლის სამართლებრივ გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. ჩვენი ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოიყენა სანქციები და „თიბისი ბანკს“ მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საბანკო სფეროსთვის დაახლოებით იგივეა, რაც საყოფაცხოვრებო დონეზე მოძალადე მშობლისთვის ოჯახის წევრთან კონტაქტის აკრძალვა, ანუ შემაკავებელი ორდერი. ამას გარდა რეგულატორმა ადმინისტრაციული წესით, საკუთარ აქციონერებთან საეჭვო გარიგებებში შესვლის გამო „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
რაც შეეხება სისხლის სამართალს, აქ საქმე გაცილებით მძიმედაა, ვინაიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმის გამოძიებას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით აწარმოებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების დანაშაულებრივი სქემა ასე გამოიყურება: 2008 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენ ავთო წერეთლის კუთვნილ კომპანიებზე („სამგორი M“ „სამგორი თრეიდი“) „თიბისი ბანკმა“ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი გასცა. იმავე დღეს ამ კომპანიებმა „თიბისი ბანკისგან“ მიღებული კრედიტი გადაასესხეს ფიზიკურ პირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წერეთლის კომპანიები ერთი დღე არ მომსახურებიან ბანკისგან მიღებულ კრედიტს, ბანკში ერთი თეთრი არ შესულა და მიუხედავად ამისა, იმავე წლის დეკემბერში „თიბისი ბანკმა“ ეს სესხები ბალანსს გარეთ გაიტანა, ანუ ჩამოწერა. ბანკმა სესხები კი ჩამოწერა, მაგრამ ზემოხსენებულ კომპანიებს ფორმალური ვალდებულება ბანკისადმი მაინც უნარჩუნდებოდათ, შესაბამისად უნარჩუნდებოდა ვალდებულება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, ავთანდილ წერეთელმა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ფულის გათეთრების სქემის ავტორს და სარგებლის მიმღებ მამუკა ხაზარაძეს, გაეთავისუფლებინა მისი კომპანიები „თიბისი ბანკის“ წინაშე არსებული ფორმალური ვალდებულებებისაგან. ამისთვის კი, როგორც წყარო ამბობს, მამუკა ხაზარაძემ ახალი სქემა შეიმუშავა: ვირჯინიის კუნძულებზე თავის მოადგილეს პაატა ღაზაძეს დააფუძნებინა ოფშორული კომპანია „Martello Group”, რომელმაც „თიბისი ბანკის“ დირექტორის ვახტან ბუცხრიკიძის თანხმობით გადაიბარა წერეთლის კომპანიების ვალდებულებები „თიბისი ბანკის“ მიმართ, ასევე მოთხოვნები ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ. „სხვა გარემოებებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბანკის გენერალური დირექტორი ბუცხრიკიძე დათანხმდა – საქართველოში მოქმედი, წარმატებული, აქტივების მქონე კომპანიის ვალდებულებები გადაებარებინა ოფშორში ჩაკარგული, ქაღალდზე არსებული კომპანიისათვის, საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა იმის დასტურად, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და ტოპმენეჯმენტი საკუთარ ბანკს ძარცვავდნენ“, – ამბობს ჩვენი წყარო.
ნიშანდობლივია, რომ „თიბისი ბანკს“, წერეთლის კომპანიებს და მამუკა ხაზარაძეს შორის ვალდებულებების გადაბარების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები 2012 წლის 29 სექტემბრით არის დათარიღებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თარიღი მიღება-ჩაბარების აქტზე გაყალბებულია და მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ უკანა რიცხვით არის შედგენილი. როგორც ჩანს, ხაზარაძე არჩევნების შედეგებს ელოდებოდა და სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ისტერიულად დაიწყო დანაშაულებრივი კვალის წაშლა. სიჩქარეში მას გამორჩა, რომ 2012 წლის 29 სექტემბერი არასამუშაო დღე იყო, როცა საქმიანი დოკუმენტები არ დგება.
„მიღება-ჩაბარების აქტის გამყალბებელი ვარაუდობდა, რომ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ავთო წერეთელი და მამუკა ხაზარაძე ინგასი და მურტალოსი არ იყოს, არავის გაახსენდებოდა, რადგან პირველ ოქტომბერს ნაცებისთვის დიდი სამამულო ომი დაიწყო. გაიზიარებს თუ არა მურტალოს ბედს ხაზარაძე, ამ კითხვაზე პასუხი თემიდას მივანდოთ. დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ მამუკა ხაზარაძეს, არც ეს უნდა იყოს მისთვის ტრაგედია. ციხეში ბევრი მჯდარა, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ გეპეის კომკავშირის მდივნობიდან მოყოლებული, ათეული წლების განმავლობაში ნალოლიავები რეპუტაცია ასეთი იაფფასიანი მაქინაციებით იმსხვრევა. მსხვრევა და ტრაგედიაა, როცა მეცენატი, ლიტერატურის ქომაგი, ჩოხოსანი, ცხენზე სომბრეროთი მოჯირითე არისტოკრატი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მის მიერვე დაფუძნებულ ბანკში დეპოზიტარების ფულის მოპარვაში იქნა მხილებული“, – ამბობს „კვირას“ რესპონდენტი.

კომენტარები

კომენტარი