არაბი გოგონას ემოციური ისტორია, რომელსაც ისლამის უარყოფისთვის ოჯახი სიკვდილით ემუქრება(ფოტოკოლაჟი)
საუდის არაბეთის მოქალაქემ, 18 წლის გოგონამ ისლამი უარყო და სახლიდან გაიქცა. გოგონა ტაილანდის ერთ-ერთ სასტუმროში იმ მიზნით იმალება, რომ როგორც ის ამტკიცებს, მას სამშობლოში სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. ტაილანდის მთავრობის განცხადებით, გოგონას არ გამოადეპორტებენ.
ტაილანდის საიმიგრაციო პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლება ღელავს რახაფ მოჰამედ კუნუნზე, რომელიც თვითმფრინავში უნდა ჩაესვათ და ქუვეითში დაებრუნებინათ, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ორშაბათს, მან უარი განაცხადა თვითმფრინავში ჩაჯდომაზე და აეროპორტის სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა. გოგონამ განაცხადა, რომ თუკი სახლში დაბრუნდება, მას ოჯახი მოკლავს, ვინაიდან მან ისლამზე უარი თქვა.
საუდის არაბეთში ისლამურ რწმენაზე უარის თქმა დიდ დანაშაულად ითვლება, რომელიც სიკვდილით ისჯება.
“ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ჩემი ოჯახის წევრები სიკვდილით ყველაზე მცირე “დანაშაულზეც” კი მემუქრებიან”, – განუცხადა გოგონამ სააგენტო “რეიტერს”.
გოგონას ცხოვრებით და მისი პრობლემებით მსოფლიო მედია დაინტერესდა, მათ შორის, BBC-ის არაბული პორტალის ჟურნალისტი რაჰან რაზეკი.
ამ ისტორიამ კვლავ წინ წამოწია არაბულ ქვეყნებში არსებული მატრიარქალური პრობლემა – ქალები მასობრივად გარბიან ქვეყნიდან. ოფიციალური მონაცემები ამის შესახებ არ არსებობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უკანასკნელ წლებში გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ ბევრი ქალი ცდილობდა დაეტოვებინა ქვეყანა, რათა თავიდან აერიდებინათ ოჯახური ძალადობისა ან გარიგებით ქორწინებისთვის, ამაში აუცილებლად დავრწმუნდებით.
უმ-ალკირის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ოჯახიდან გაქცეული ქალების 95% საუდის არაბეთიდანაა.
გასულ წელს არაბმა ქალებმა გაცილებით მეტი უფლება მიიღეს. მათ ახლა შეუძლიათ მართონ ავტომობილები, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და კენჭი იყარონ ადგილობრივ საბჭოებში. მაგრამ წესი, რომლის მიხედვითაც ქალს უნდა ჰყავდეს მეურვე მამაკაცი, ჯერ კიდევ ძალაშია. თუკი არაბ ქალს სურს დაოჯახდეს, მიიღოს პასპორტი ან საზღვარგარეთ წავიდეს, მან ნებართვა საკუთარი მეურვისგან - მამისგან, ძმისგან, ქმრისგან და ზოგ შემთხვევაში ვაჟისგანაც კი უნდა მიიღოს.
რაჰაფ ალ-კუნუნი ახლა ლტოლვილების საქმეში გაეროს უმაღლესი კომისრის დაცვის ქვეშ იმყოფება. სავარაუდოდ, გოგონა პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს და ამ პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება. ამავდროულად, გოგონას მამა ტაილანდში იმყოფება და ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები.
თავშესაფრის ძიებაში
რაჰაფ კუნუნი ცდილობდა ავსტრალიაში ჩაეღწია და ტაილანდში ავსტრალიის მიმართულებით რეისზე უნდა გადამჯდარიყო, სადაც თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდა. ის სასტუმროს საკუთარ ოთახში ჩაიკეტა, კარები ჩარაზა და ლტოლვილების საქმეში გაეროს კომისიის წარმომადგენელთან მოითხოვა შეხვედრა.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, “ჰიუმან რაითს ვოთჩ”, სერიოზული შეშფოთება გამოხატა რაჰაფის საქმეზე. ორგანიზაციის პრესმდივანმა, მელისა ფლემინგმა, ორშაბათს განაცხადა, რომ ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოთჩ”-ის წარმომადგენლები გოგონას ბანგკოკში შეხვდებიან და სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ.
ტაილანდის საიმიგრაციო პოლიციის თავმჯდომარის, სურაჩატ ჰაკპარნის განცხადებით, ქვეყანა გოგონას მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.
“ის ახლა ტაილანდის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება. ვერავინ, ვერცერთი საელჩო ვერ დააძალებს წავიდეს სადმე, ჩვენ მას ვესაუბრებით და შევასრულებთ ყველაფერს, რასაც ის გვთხოვს”, – განაცხადა ტაილანდის საიმიგრაციო პოლიციის თავმჯდომარემ.
“ვინაიდან ის უსიამოვნო გარემოდან გამოიქცა, რათა დახმარება ეთხოვა… ჩვენ არავის გავიმეტებთ სასიკვდილოდ”, – განმარტა ჰაკპარნმა.
თავიდან ბანგკოკის სასამართლომ უარი თქვა რაჰაფის ადვოკატების შუამდგომლობაზე – შეეჩერებინათ გოგონას დეპორტაცია.
ტაილანდი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, რომელმაც ხელი მოაწერა გაეროს კონვენციას ლტოლვილების შესახებ და ვერ უზრუნველყოფს იურიდიულ დაცვას თავშესაფრის მაძიებლებისთვის. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში 100 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები?
რაჰაფ კუნუნის განცხადებით, შაბათს ბანგკოკში ჩასვლისას თვითმფრინავთან მას საუდის დიპლომატი დახვდა, რომელმაც პასპორტი წაართვა.
კვირას ტაილანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას დეპორტით დააბრუნებენ სამშობლოში, ვინაიდან მან არ შეასრულა ყველა საჭირო პროცედურა ტაილანდის ვიზის მიღებისთვის.
თავის მხრივ, რაჰაფ კუნუნი ამტკიცებს, რომ მას ავსტრალიის ვიზა აქვს და არ აპირებს ტაილანდში გაჩერებას.
ბანგკოკში საუდის არაბეთის საელჩოს განცხადებით, საუდის არაბეთს არ აქვს უფლება გააჩეროს ის აეროპორტში და რომ გოგონა ტაილანდის ხელისუფლებამ კანონის დარღვევისთვის გააჩერა.
“ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ტაილანდის ხელისუფლება ცდილობს, ეს ისტორია ისე წარმოაჩინოს, თითქოს გოგონამ ტაილანდის ვიზა მოსთხოვა, რაზეც მას უარი უთხრეს. სინამდვილეში, მას ავსტრალიის რეისზე ჰქონდა ბილეთი და ის არ გეგმავდა ტაილანდში ყოფნას”, – განაცხადა აზიის ქვეყნებში “ჰუმან რაითს ვოთჩ”-ის დირექტორის მოადგილემ, ფილ რობერტსონმა.
რობერტსონი თვლის, რომ ტაილანდი საუდის არაბეთთან შეთანხმებულად მუშაობს, ვინაიდან საუდის ოფიცრებმა იმ თვითმფრინავთან შეძლეს დახვედრა, რომლითაც გოგონა ჩამოფრინდა.
როგორ გაიგო მსოფლიომ ამის შესახებ?
რაჰაფ კუნუკმა ყურადღება ჯერ კიდევ შაბათ-კვირას მიიპყრო, როდესაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის განცხადებები გამოაქვეყნა. ამასთან, მან თავის დაქალს საკუთარი “ტვიტერის” ექაუნთზე წვდომის შესაძლებლობა მისცა, იმ შემთხვევისთვის თუკი მას რაიმე მოუვიდოდა, ვინმეს წერა გაეგრძელებინა და ინფორმაცია გაევრცელებინა.
“მე მოვყევი ჩემი ისტორია და გამოვაქვეყნე ფოტო სოციალურ ქსელში, რამაც მამაჩემი ძალიან გააბრაზა. ჩემს ქვეყანაში აქ მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო ან ვისწავლო. მე მინდა, რომ ვიყო თავისუფალი, მინდა ვისწავლო და ვიმუშაო იმაზე, რაც მე მსურს”, – ამბობს გოგონა.
ქალების უფლებები საუდის არაბეთში საგრძნობლად შეზღუდულია. მას, როგორც აქამდე ვახსენეთ, უნდა ჰყავდეს მეურვე მამაკაცი, რომლის ნებართვის გარეშეც, მას ბანკში ანგარიშის გახსნა და ციხიდან თავისუფლებაზე გამოსვლაც კი არ შეუძლია.
რაჰაფმა “ტვიტერში” პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნა, ვინაიდან მას ახლა არაფერი აქვს დასაკარგი. ამასთან, მან მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართა.
“მე ვთხოვ თავშესაფარს, პირველ რიგში შემდეგ ქვეყნებს: კანადა, აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი. მე ვთხოვ, ნებისმიერ მათ წარმომადგენელს დამიკავშირდნენ”, – წერს გოგონა სოციალურ ქსელში და ჩარაზული ოთახიდან ფოტოს აქვეყნებს.