“არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაში პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს”

„არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც, დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, გუნდი არის ერთიანი და შიდა გუნდებზე საუბარი არის სიცრუე.
„ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. არსებობს თეორიული რისკი, რომ მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები, ბუნებრივია, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ და ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რჩება თუ არა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხვის კანდიდატად, კობახიძის თქმით, დღეს არასწორია რაიმე ტიპის სანქციაზე, მათ შორის უმკაცრესი ტიპის სანქციაზე – გარიცხვაზე საუბარი.
„ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ბესელია რიგით წევრად რჩება. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები