მეუფე ზენონი: ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში, მდიდრებო, ქრისტე იშვა სიღარიბის სიმდიდრეში

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

მეუფე ზენონი მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს.

“ქრისტე იშვა ბეთლემში. ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში! მდიდრებო, ქრისტე იშვა სიღარიბის სიმდიდრეში! მართლმადიდებლებო, ქრისტე იშვა თავმდაბლობის სიდიადეში! ქვითა და ოქრო-ვერცხლით, ხელით ქმნილი ტაძრის მაშენებლებო, ქრისტე იშვა პირუტყვთა სადგომში! სრა-სასახლეთა მეხოტბენო, ქრისტე იშვა ფიცრულ ბაგაში! სასულიერონო, ქრისტე იშვა მოკრძალებაში, სიყვარულის მორჩილებაში! ხელისუფალნო, ქრისტე იშვა მიუკერძოებელი მსაჯულის სამართლიანობაში!

მაგრამ, იშვა ქრისტე ჩვენს გულში?! თითქმის ყოველი ჩვენგანი ვდღესასწაულობთ შობის ბრწყინვალებას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ღარიბ-ღატაკთა დაუცხრომელი ქომაგი, განსაცდელში და მწუხარებაში მყოფთა თანამწუხარე, მგლოვიარეთა თანამგლოვიარე, უსახლკაროთა თანაუსახლკარო, მშიერთა, სამოსლის არმქონეთა თანამშიერი და შიშველი. თავისუფლებააღკვეთილთა თანათავისუფლებააღკვეთილი, დამცირებულთა თანადამცირებული, გარიყულთა თანაგარიყული, მიტოვებულთა თანამიტოვებული, ყოველწუთიერად დადის ქრისტე ჩვენ შორის.

ესაია წინასწრმეტყველის ბაგემ აღმოთქვა ქრისტეს შობამდე მისი შობა და მისმა ბაგემ აღმოთქვა ეს სიტყვებიც: ” ისმინე ცაო და ყურად იღე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკაობს: ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ; ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ მალამოთი დაუამებელი. თქვენი ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს, ქვრივს გამოესარჩლეთ. ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია და ძღვენს არის დახარბებული. ის, რაც საწყალს ძარცვით წაართვით, სახლებში ინახავთ. რატომ ჩაგრავთ ჩემს ხალხს და ავიწროებთ საწყლებს? ვაი მათ, ვინც ბოროტს მართლად აცხადებს და მართალს სიმართლეს ართმევს!”.

ამპარტავნობის ტყვეობაში, თვითკმაყოფილებასა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში, ცილისწამებასა და ურთიერთჩასაფრებაში, მევახშეობა-ანგარების, გამორჩენისა და გამოყენების, უსიყვარულობასა და უპატივცემულობაში, სხვისი უბედურებისა და შურის მსახურებაში არ იდიდება ყოველთა დამბადებელი მაცხოვარი. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა უსახლკარო, რამდენი იქცა ხიზნად, რამდენს დაენგრა ოჯახი, რამდენი ადამიანი მივიდა სულიერი და ფიზიკური განადგურების პირას. რამდენმა მოიკლა თავი, სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელის სიმძიმით. რამდენი მზრუნველობასმოკლებული ბავშვი და მოზარდი შევმატეთ ქვეყანას, რამდენს წავართვით ცხოვრება, რამდენი გაღატაკდა უსინდისოთა გასამდიდრებლად?!

სასოწარკვეთილი და ეულად ქცეული ვერ შეძლებს ვერც ქვეყნის პროდუქტიულ მოქალაქეობას და ვერც ღმერთის დიდებას, რადგან დასუსტებული და ღონემიხდილი ადამიანი სულიერად კვდება. ასე გადავაქციეთ ჩვენი სამშობლო სულიერ და ფიზიკურ ცხედართა სამყოფელად. რამდენი ჩვენი თანამემულეც იქნა გამწარებული და გაუბედურებული ათწლეულობის მანძილზე ჩვენს თანამედროვეობაში, იმდენი ქვა დაიდო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ცხოვრების წარუმატებლობისთვის. ეს ქვები იქცა ჯერ ლოდებად, ხოლო შემდეგ, ცათამბჯენ წინაღობად, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ. თუ სულის ტაძარი ზიანდება, მაშინ რომელი ტაძარი შენდება?!

ქრისტეს შობას გილოცავთ ჩვილშობილის მსასოებელნო!“, – წერს მეუფე ზენონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები