მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებაზე

საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა წარადგინა. 

“ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.

ეს არის კარგი ტენდენცია, რაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ.  შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან 2018 წელს 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც ასევე რეკორდულია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში.

ეს არის საგრძნობი შედეგები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია ქვეყნის ყველა რეგიონს, ქალაქსა და სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ახლა მთელი ჩვენი  ძალისხმევა უნდა მივმართოთ  ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის მკვეთრად გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, და განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური  და პრიორიტეტული იყო. ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ნაკლებადგანვითარებულ რეგიონებში”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ თავის მხრივ, ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს მომიჯნავე დარგების განვითარებასაც, რადგან ტურისტს სრულფასოვანი ვიზიტისთვის სჭირდება ეკონომიკის სხვა სექტორების მომსახურებაც. 

“ამიტომაც, უკვე რამდენიმე წელია, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთგვარ ლოკომოტივად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მომიჯნავე დარგებში ახალი ინვესტიციებისა და იდეების მოზიდვას.

ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურ ზრდას, ანუ ისეთ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. შესაბამისად, ტურიზმია ის სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს ინკლუზიურ ზრდას, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაზე მტკივნეული ეკონომიკური გამოწვევის დაძლევას, როგორიცაა სიღარიბე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტურიზმი და მისი განვითარება ისეთ რეგიონებში, რომლებიც ჯერჯერობით ჩამორჩება სხვა მსხვილ ქალაქებს.

მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 7.6%-ს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-ია. ხოლო, 2017 წლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ანუ, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12%-ია. ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიანიშნებს ტურიზმის სექტორის განსაკუთრებულობას ჩვენი ეკონომიკისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებაზე. გვაქვს სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში.

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმა მჭიდრო კავშირში იყოს ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევებთან. შესაბამისად, იმ პროფესიული სასწავლებლების დიდი ნაწილი, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება საქართველოში, ფოკუსირებული იქნება ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებსაც აქვს ზრდის ყველაზე უფრო დიდი პოტენციალი. აქაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტურიზმის სექტორი”, – აღნიშნა ბახტაძემ. 

 ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები