“გორმედის“ საავადმყოფოში პიროტექნიკით დაშავებული 5 პაციენტი მოათავსეს, აქედან 4 ბავშვია

საახალწლო პიროტექნიკის, ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი გამოყენების შედეგად, გორში, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, აქედან 4 ბავშვია. ,,გორმედის“ ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას სიფრთხილე გამოიჩინონ ე.წ. ასაფეთქებლების და შუშხუნების გამოყენებისას.
„გორმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საახალწლო პიროტექნიკის, ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი და არაგეგმაზომიერი გამოყენების შედეგად, გორში, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, აქედან – 4 ბავშვი.
ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნებოდა, ოთხს კი – სხვადასხვა სახის ჭრილობები.
დაშავებულთა შორის ერთი პაციენტი 65 წლის მამაკაცია, რომელსაც ზედა კიდურის მძიმე ხარისხის ტრავმა აღენიშნება. იგი ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
,,გორმედის“ ქსელის ხაშურისა და ქარელის კლინიკებში სადღესასწაულო შუშხუნებით დაშავებულ პაციენტებს არ მიუმართავთ.
,,გორმედის“ ექიმები კიდევ ერთხელ მოგიწოდებენ – სიფრთხილე გამოიჩინეთ სადღესასწაულო პიროტექნიკის, ე.წ. ასაფეთქებლების და შუშხუნების გამოყენებისას! მაქსიმალურად ეცადეთ, დაიცვათ საახალწლო ფოიერვერკების მოხმარების წესები, მოარიდეთ ბავშვები პიროტექნიკის გამოყენებას! გთხოვთ, გააკონტროლოთ, რომ თავიდან აიცილოთ პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად გამოწვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევები! ყურადღება მიაქციეთ საახალწლო პიროტექნიკის ვადას! აუცილებლად გაეცანით პროდუქტზე აღნიშნულ მოხმარების წესებს! ასაფეთქებლად გამზადებულ პიროტექნიკას ხელში ნუ დაიტოვებთ, აუცილებელია, რომ ე.წ. „ასაფეთქებელი“ ცეცხლის წაკიდებისთანავე გადაგდოთ ადამიანებისგან თავისუფალ სივრცეში! ბინაში ნუ აანთებთ და ნუ გამოიყენებთ საახალწლო პიროტექნიკას!“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები