მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული სვიმონ მოშურნე-კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. იგი კანას გალილეაში ცხოვრობდა. მაცხოვრის პირველი სასწაული – წყლის ღვინოდ გადაქცევა, სწორედ სვიმეონის სახლში აღესრულა, რის შემდეგაც ის მაცხოვარს გაჰყვა. წმიდა მოციქულმა ქრისტეს მოძღვრება იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეასა და ბრიტანეთში იქადაგა.
წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად წმინდა მოციქულმა დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა. წმიდა სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს.
სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.