ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალში გამკაცრებულ გადაადგილებას უნდა დავუპირისპირდეთ მეტი კონტაქტითა და მეტი განვითარებით
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესების გამკაცრების საკითხს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, არის მცდელობა, რომ გაზრდილი კონტაქტების ფონზე, გაამკაცრონ და გაართულონ გადაადგილება. მისივე თქმით, ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ მეტი განვითარება და ინიციატივები.
„საუბედუროდ და სამწუხაროდ, ეს არ არის სიახლე, რადგან მუდმივად არის მცდელობა, რომ გაზრდილი კონტაქტების ფონზე, გაამკაცრონ და გაართულონ გადაადგილება. ეს კონკრეტული განცხადება უშუალოდ ეხება იმ ადამიანებს, განსაკუთრებით, სავარაუდოდ ეთნიკურად ოსებს, რომლებიც ცხოვრობენ არა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, არამედ უფრო სიღრმეში, ცხინვალის რეგიონში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გადაადგილება. ცდილობენ, მოძებნონ სხვადასხვა გზა. ხშირად, რუსეთის გავლით მაინც ჩამოდიან დანარჩენ საქართველოში და ეს დამატებითი ზომა არის განაცხადი ამ საახალწლოდ, რომ ეს რეჟიმი პირდაპირ მუშაობს მათი, მათ შორის ოსების, ინტერესების წინააღმდეგ.
ამას აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ მეტი კონტაქტითა და მეტი განვითარებით. აუცილებლად განვახორციელებთ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ინიციატივებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს.