„სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები ეკლესიასთან, ღმერთთან სიშორის ბრალია“
ლგბტ პირების უფლებების დამცველი „ორგანიზაცია“ იდენტობის ბრალდებას, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ქალთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებების მატებაში პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიას ეკისრება – წმინდა სამების ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარი (დიაკონიძე) პასუხობს.
„კვირასთან“ საუბრისას სასულიერო პირი „იდენტობის“ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ არსად არც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარის და არც სხვა სასულიერო პირების ქადაგებებში სქესთა შორის თანასწორობის საწინააღმდეგო მოწოდებები არ დაფიქსირებულა. მამა ელიზბარი ფიქრობს, რომ ადამიანების მხრიდან ძალადობის და სისასტიკის გამოვლინებები სწორედ ეკლესიასთან დაშორების და სასულიერო პირების ქადაგებების გაუთვალისწინებლობითაა განპირობებული.
“ის, რომ მამაკაცი ოჯახის უფროსია, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. ქალი პასუხისმგებელია სახლზე, შვილების აღზრდაზე. ოჯახში ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ. “იდენტობისთვის“ ეს სიყვარული და თავგანწირვა უცხო და მიუღებელია. ამიტომ აკეთებენ მსგავს განცხადებებს. საართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს დაუკნინებია ქალი და მათთვის ქმრების უხმო მორჩილებისკენ არ მოუწოდებია.
ამ “იდენტობას“ ერთ სული აქვს, ჩირქი მოსცხოს ეკლესიას. “ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღების შემდეგ უფრო აიმაღლეს ხმა ლგბტ პირების დამცველებმა. სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები ეკლესიასთან, ღმერთთან სიშორის ბრალია. სასულიერო პირების ქადაგებებს რომ არ ისმენენ ,იმისი ბრალია, რაც ხდება“, – განუცხადა „კვირას“ მამა ელიზბარ დიაკონიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლგბტ პირების უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „იდენტობამ“ ბოლო დროს ქალთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების მატებაში მართლმადიდებლური ეკლესია და სასულიერო პირები დაადანაშაულა.