ლგბტ პირების დამცველები ქალებზე გახშირებულ ძალადობაში ეკლესიას ადანაშაულებენ
ლგბტ პირების უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ ბოლო დროს ქალთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების მატებაში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელმა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ენერგიით შეუტია გენდერული თანასწორობის იდეას, მომუშავე ქალები უსაქმურებად გამოაცხადა და მათ ქმრების უხმო მორჩილებისკენ მოუწოდა.
“ტრადიციულად საქართველოში ქალს მხოლოდ სადღეგრძელოში სცემდნენ პატივს და რეალურად ქალთა უფლებების დაცვისთვის ბევრი არც არაფერი გაკეთებულა, მაგრამ მეუღლეების მიერ ქალთა დახოცვის შემთხვევები უკვე საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს. “იდენტობა” სიტუაციის გამწვავებაზე პირდაპირ აკისრებს პასუხისმგებლობას ისეთ გავლენიან სოციალურ ინსტიტუციებს, როგორებიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და საქართველოს მთავრობაა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელმა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ენერგიით შეუტია გენდერული თანასწორობის იდეას, მომუშავე ქალები უსაქმურებად გამოაცხადა და მათ ქმრების უხმო მორჩილებისკენ მოუწოდა. რადგან მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგი ასეთი მაღალია, ხოლო მისი იერარქები მიზანმიმართულად აღვივებენ სქესთა შორის თანასწორობის საწინააღმდეგო აზრებს.
ჩვენი აზრით, მაშინ როდესაც საქართველოს საპატრიარქოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრმად ენდობა, ეს დაწესებულება მორალურად არის ვალდებული ხელი შეუწყოს ოჯახებში ქალების სრულუფლებიან წევრებად წარმოჩენას და შედეგად, მათ უსაფრთხო არსებობას. ეკლესია უნდა აცნობიერებდეს რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საპატრიარქოს მაღალი რანგის სასულიერო პირების საჯარო განცხადებები, რომლებიც ქალებს მამაკაცზე დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნის, ხოლო კაცებს მათზე ბატონობისკენ მოუწოდებენ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.