გამსახურდიების ადვოკატი: შიმშილობის აქცია გრძელდება, ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელსაც ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი ზედამხედველი პროკურორი უნდა ჰყავდეს. მისი თქმით, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები შიმშილობის აქციას გააგრძელებენ.
ამის შესახებ ადვოკატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს პროკურატურის მიმართ ნდობა არ აქვთ.„ამ უნდობლობის პროცესში, რომელიც პროკურატურის მიმართ გვაქვს, ჩვენი მოთხოვნა უკავშირდება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას. უნდა იყოს არა ერთი გამომძიებელი და ერთი პროკურორი, როგორც დღესაა ამ საქმეზე, არამედ უნდა შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე გამომძიებლებით და ეყოლება ზედამხედველი პროკურორი. ეს ზედამხედველი პროკურორი ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს. ვინ შეიძლება იყოს – ამაზე ვიმსჯელებთ, გვყავს კანდიდატურები. კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ მას შემდეგ, რაც იქნება პრინციპული გადაწყვეტილება იმაზე, რომ პროკურატურის სისტემაში შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი ზვიად გამსახურდიას საქმეზე.
შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ იქნება ეს კონკრეტული შედეგი მიღწეული. ეს საკითხი არის პრინციპული საკითხი, რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რაიმე გადახედვას და კომპრომისს ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების მხრიდან არ ექვემდებარება“, – განაცხადა გიგუაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების 5-წლით გახანგრძლივების შესახებ, ოჯახი დადებითად აფასებს.
„რაც შეეხება კანონპროექტს – ასეთი საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურია, არამხოლოდ ამ საქმესთან მიმართებაში, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საქმეებთან მიმართებაში, რომელიც განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანია. ასეთი ტიპის საქმეები, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობა ან პრემიერმინისტრის მკვლელობა ან სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულები, თავისთავად შეიცავს ქვეყნის უსაფრთხოების გარკვეულ ინტერესებს. თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს ასეთი საქმეების დახურვა, რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გარეშე, ეს ჩვენი ქვეყნის უპირველესი მტერი, რუსეთია.
ოჯახის წევრები 11 დღეა შიმშილობენ იმისთვის, რომ გამოძიება არ დაიხუროს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ასეთი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა. მე ინტენსიური კომუნიკაცია მქონდა პროკურატურასთან ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოყოლებული: მთავარი კითხვა, რასაც ვსვამდი – რას აპირებდნენ ისინი ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. ეს საკანონმდებლო ინიციატივა, ჩემი აზრით, სწორედ პროკურატურის მხრიდნ უნდა წამოსულიყო, როცა ხედავდა, რომ გამოძიების ვადები ეწურებოდა. პროკურატურის პოზიცია იყო ასეთი, როცა გავა ხანდაზმულობის ვადა, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებასო. რაც იქნებოდა ერთადერთი გადაწყვეტილება – ეს საქმე უნდა შემოედოთ თაროზე. ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს არანაირი ნდობა პროკურატურის მიმართ არ აქვთ. ის, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გამოძიება გრძელდება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ამ პროტესტის მიზანი იყო, ერთის მხრივ ის, რომ გამოძიება არ შეწყვეტილიყო და მეორე ის, რომ გამოძიება იყოს ეფექტიანი. გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს. ვხედავთ, რომ 25 წელია რაც გრძელდება გამოძიება. ძირითადი ბიძგი ამ საქმეს მისცა 2011 წელს შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ, რომელმაც შეძლო ძირითადი მტკიცებულებების მოპოვება და პროკურატურისთვის გადაგზავნა. პროკურატურამ 2015 წელს ამ საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის მერე რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ საქმეში. ხდება მოწმეების ფრაგმენტული დაკითხვა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების 5-წლით გახანგრძლივების შესახებ, დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება.
კომიტეტებზე საკითხზე დაჩქარებული წესით მსჯელობა, სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქართველოს პროკურატურის მისაღებში 14 დეკემბერს შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები