გიორგი ქობულია: არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს
აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, შესაძლოა ხალხს აქვს განცდა, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ ეს ასე არ არის.
“მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, ჩვენთან ქვეყანაში ინფლაცია არის არაუმეტეს 2%-2.5%-ისა. კი, რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაცა პროდუქტებზე ფასი დაეცა, მაგრამ ჩვენ რომ ვნახოთ სამომხმარებლო კალათა, პრაქტიკულად, 2%-მდე არის ინფლაცია. ამიტომ, დიახ, რაღაც წამლებზე ფასი გაიზარდა, ამაზე ჩვენ სუბსიდირებას ვახდენთ, როგორც იცით, მაგრამ პრინციპში, ჩვენ რომ ვნახოთ ფაქტები და არა რაღაც განსაზღვრული ნაწილის განცდა, შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის. ფაქტები უჩვენებს იმაზე, რომ ინფლაცია იყო 2%-2.5% და სამომხმარებლო კალათა იმდენად არ იზრდება ფასში, ამიტომ, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ უარესად ვცხოვრობთ, ეს არ არის ესე”, – განაცხადა გიორგი ქობულია.