კახა კალაძე: თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი

თბილისის მერი, კახა კალაძე, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ქალაქში არსებულ ჯიხურების პრობლემას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მათ უმრავლესობას ახლახან გაუვიდა ვადა, ამიტომ მერია ასეთ ჯიხურებს განუსაზღვრავს გარკვეულ ვადას, რათა მათი საქმიანობა გახდეს ლეგალური.
„დაახლოებით, 6 წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო – ქალაქში, დაახლოებით, 2500 ჯიხური განთავსდა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში არის ის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც გარკვეული პრობლემების მიზეზი ხდება. მაგალითად, გზისპირას განთავსებული ჯიხურები, რის გამოც მუდმივად ფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა, ზოგ შემთხვევაში, ტროტუარზე განთავსებული ჯიხური პრაქტიკულად არ ტოვებს ქვეითის გასავლელ ადგილს და ა.შ.
ხსენებული ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და შესაბამისად, დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ეს 2500 ჯიხური, დაახლოებით, ამდენივე და ალბათ, კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მე კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდებოდა ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპულ მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ.
თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე, არ არის პრობლემური, დარჩება. ამ ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ახალი ვადით აიღონ საიჯარო უფლება.
ჩვენ დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6-თვემდე, მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე, უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. როცა დამატებითი ვადა ამოიწურება, მაშინვე უნდა აიღონ მფლობელებმა ასეთი ჯიხურები. მერია მზადაა, თითოეულ ასეთ ობიექტთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რომ მოიძებნოს სხვა ალტერნატიული, ქალაქისთვის უპრობლემო ადგილები”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები