მერია: აღმაშენებლის გამზირზე ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით დაავადებული ხეები მოიჭრა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე საღი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხმობადი და დაავადებული ხეები ნამდვილად მოიჭრა.
“სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა საღი ხეები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები, რათა მომხდარიყო დროული პრევენცია, ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა განცხადება როგორც სოციალურ ქსელში, ისე მედიასაშუალებებით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან, თბილისის მასშტაბით დაიწყო სანიტარული ჭრები და ჯამში მოიჭრება 20 000 ძირი დაავადებული (ხმობადი და ზეხმელი) ხე-მცენარე.
აღმაშენებლის გამზირზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად, დაირგვება 23 ძირი სხვადასხვა სახეობის, 4 მეტრზე მაღალი ხე: 8 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი; 7 ძირი უნგრული ცაცხვი; 9 ძირი ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები