კოლეჯ “სპექტრის” ერთ-ერთ აუდიტორიას პროფესორ როსტომ ჩეკურიშვილის სახელი მიენიჭა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ ერთ-ერთ აუდიტორიას პროფესორ როსტომ ჩეკურიშვილის სახელი მიენიჭა.
ღონისძიება საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ გახსნა.
მისასალმებელი სიტყვა საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი” პედაგოგმა, გეოდეზიის ექსპერტმა თემურ კიკნაძემ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ გორდეზიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნოდარ მათიაშვილმა წარმოთქვეს.
ამასთან, თემურ კიკნაძემ ვრცლად ისაუბრა პროფესორ როსტომ ჩეკურიშვილის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ.
“სულ ცოტა ხნის წინ, მთელმა გეოდეზიურმა და კარტოგრაფიულმა საზოგადოებამ, გეოგრაფებმა და ასტრონომებმა აღვნიშნეთ დიდი ქართველი მამულიშვილის, საქართველოში გეოდეზიური მეცნიერების ფუძემდებლის, საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გენერალ-ლეიტენანტის ანდრია ბენაშვილის 150 წლის იუბილე.
სასიხარულოა, რომ დღეს ისევ მივაგებთ პატივს ღირსეულ ადამიანს, პედაგოგს, პროფესორს, ფოტოგრამმეტრიის მეცნიერების ღვაწლმოსილ ადამიანს პატ. როსტომ ჩეკურიშვილს.
საიუბილეო და დღევანდელი ღონისძიების ინიციატორებმა საფუძველი ჩაუყარეს ქართველი გეოდეზისტების, კარტოგრაფების, ფოტოგრამმეტრისტების ღირსეული წარმომადგენლების წარმოჩინებას, მათი დამსახურების ფართო საზოგადოებისათვის მოწოდებას.
სწორედ ასეთ წარმომადგენლებს მიეკუთვნება ბატონი როსტომი, რომლის სახელის უკვდავსაყოფად „სპექტრის“ ერთ-ერთ აუდიტორიას ენიჭება პროფესორ როსტომ ჩეკურიშვლის სახელი.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გეოდეზისტისა და კარტოგრაფის სახელით კოლეჯ სპექტრის ხელმძღვანელობას და ყველა იმ პირს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საინიციატივო ჯგუფის წინადადებას.
ბატონმა როსტომმა აირჩია ერთ-ერთი ურთულესი და პერპსექტიული დარგი ფოტოგრამმეტრია.
მართალია დღევანდელ შეხვედრას ესწრება სპეციალისტთა გარკვეული რაოდენობა, მაგრამ გვესწრებიან ისეთებიც, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან ფოტოგრამმეტრიასა და მის მნიშვნელობაზე.
ფოტოგრამმეტია ბერძნული სიტყვა გახლავთ „პროტოს-გრამმა-მეტრეო, ანუ შუქი-ჩაწერა-გაზომვა, რომელიც განსაზღვრავს საგნების ფორმებსა და განლაგებას, მათი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით.
ფოტოგრამმეტრიული მეთოდები გარდა გეოდეზიისა, გამოიყენება ასტრონომიაში, არქეოლოგიაში, არქიტექტურაში, სასამართლო მედიცინაში, საინჟინრო და სამხედრო საქმეში.
ფოტოგრამმეტრიაში ფოტოგრაფირების ობიექტად ითვლება ადგილმდებარეობა, რომლის აეროსურათებისა და კოსმოსური სურათების საშუალებით ადგენენ გეგმებსა და რუკებს.
ფოტოგრამმეტრიული მეთოდები აუმჯობესებენ ადგილმდებარეობის აგეგმვის ხარისხსს, ამცირებენ საველე სამუშაოების კადებსა და ამაღლებს შრომისნაყოფიერებას.
ადგილმდებარეობის ფოტოგრამმეტრიული აგეგმვა ფოტოთეოლოლიტით პირველად გამოიყენა XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ფრანგმა მეცნიერმა ლოსსედმა, ხოლო ჰაერიდან ფოტოგრაფირება აეროსტატის საშუალებით რამდენიმე წლის შემდეგ შეასრულა ფრანგმა ნადარმა.
თვითმფრინავის საშუალებით აეროგადაღება პირველად გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს.
დღეისათვის აეროგადაღება სრულდება როგორც თვითმფრინავის, ასევე აეროკოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით. უკანასკნელ ხანს ცალკეული მცირე ტერიტორიების აგეგმვა ხდება დაბალი სიმაღლიდან საფრენი აპარატის „დრონის“ მეშვეობითაც.
ფოტოგრამმეტრია ურთულესი და უზუსტესი მეცნიერებაა და აღნიშნული დარგის სპეციალისტები ჩვენს ქვეყანაში ძალზედ მცირეა, მითუმეტეს პროფესორის წოდებით.
სწორედ ამ ურთულესი დარგის დანერგვას, განვითარებასა და გამოცდილების ახალგაზდრობისათვის გადაცემას ემსახურებოდა ბატონი როსტომი.
როსტომ იოსების ძე ჩეკურიშვილი დაიბადა 1925 წლის 27 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხეში.
1953 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის გეოდეზიის, აეროფოტოგადაღებისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტი.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ განაწილებული იქნა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში- პედაგოგად.
1965 წელს დაინიშნა ამავე ტექნიკუმის დირექტორად. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ტექნიკუმმა ლიდერის პოზიციები დაიმკვიდრა ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებულ 8 ანალოგიურ სასწავლებლებს შორის.
ტექნიკუმში მოღვაწეობის შემდეგ მას აწინაურებენ ამიერეკავკასიის აეროგეოდეზიური წარმოების უფროსად. იმ დროისთვის საწარმოოში მუშაობდა 3000-მდე სპეციალისტი და გეოდეზიურ სამუშაოს ასრულებდა გარდა ამიერკავკასიის ქვეყნებისა, ყაზახეთში, თურქმენეთში, ჩრდილო კავკასიაში, კამჩატკაზე, ჩუკოტკაში და სხვა.
1980 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში გეოდეზიის კათედრის დოცენტად.
1971 წელს მოსკოვის გეოდეზიის, აეროფოტოგეოდეზიისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1973 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.
1985 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრის გამგედ, სადაც ირჩევენ პროფესორად.
1989 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური მეთოდების განყოფილების გამგედ.
ბატონი როსტომი მოღვაწეობდა არქეოლოგიის კვლევის ცენტრშიც, საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერის კათედრის პროფესორად, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე.
როსტომ ჩეკურუშვილს გამოცემული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლებისათვის სახელმძღვანელოები: „ფოტოგრამმეტრია“, „ სტერეოფოტოგრამეტრია“ და „აეროფოტოსურათების დეშიფრირება“.
საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა, მთლიანი კავკასიის რეგიონის გეოდეზიური სამსახურის გენერალურ დირექტორად, საქართველოს სპორტული ორიენტირების პრეზიდენტად, საქართველოს გეოდეზიური საზოგადოების ვიცე პრეზიდენტად.
1997 წლიდან არჩეული იყო საქართველოს აგროტექნელოგიური მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსად.
აღსანიშნავია, რომ ბატონი როსტომი, ყველა თანამდებობაზე იჩენდა საქმის ღრმა ცოდნას, წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, გამოირჩეოდა პრინციპულობით, პატიოსნებითა და მაღალი ღირსებებით.
ალბათ ბევრის თქმა შეიძლება მის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. ყველა სტუდენტისათვის იგი იყო უფროსი მეგობარი, ჭკუისდამრიგებელი, უსაყვარლესი პედაგოგი, მათთან ერთად დადიოდა ტურისტულ ლაშქრობებში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათთან ერთად კულტურულ ღონისძიებებში და სხვა.
მე, როგორც მისი მოსწავლე ბედნიერი ვარ, რომ მივაგებ პატივს ამ დიდებულ პიროვნებასა და მეცნიერს, როდესაც სასწავლო აუდიტორიას ვანიჭებთ მის სახელს, იმედი მაქვს ყველა სტუდენტისათვის, რომელსაც შეხება ექნება გეოდეზიასთან, კარტოგრაფიასა და ფოტოგრამმეტრიასთან, იქნება დიდი პატივი ამ სასწავლებელში, ამ აუდიტორიაში შემოსვლისა და ამ მეცნიერების შესწავლასა, რომელსაც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ღვაწლმოსილი ადამიანი,-განაცხადა თავის სიტყვაში თემურ კიკნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები