ზვიად კვაჭანტირაძე: თეუჩეჟ ყატი დღესაც არის ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს ჭეშმარიტი დესპანი

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩერქეზი მხატვრის თეუჩეჟ ყატის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გახსნა.
ცნობილი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწე და მწერალი საქართველოში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით იმყოფება.
დღეს გამართულ გამოფენაზე იმ 55 ნახატთა შორის, მხატვრის მიერ წრმოდგენილი იყო ნამუშევრები ქართველი კლასიკოსების – ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგს, აკაკი წერეთელს ნაწარმოებების თემებზე.
„ჩვენი სტუმარი არის ჩერქეზი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ადამიანი, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი გააჩნია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში. იგი არის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მხარტვარი, რომელიც ათწლეულებია ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. მისი საქართველოში ვიზიტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა აღენიშნა ამ ადამიანის ძალიან დიდი ღვაწლი ჩერქეზ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების და განმტკიცებისს საქმეში. გვინდოდა ამით მადლობა გვეთქვა მისთვის იმის გამო, რომ იგი არ ივიწყებს საქართველოს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, მხატვრისა და მწერლის ღვაწლზე ისაუბრა. „თეუჩეჟ ყატი ორგანულად არის დაკავშირებული საქართველოსთან არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან საქართველოში მიიღო განათლება. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ აფხაზეთის ავადსახსენებელი ძმათა მკვლელი ომის დროს მხატვარმა ფეხით შემოიარა ჩერქეზეთის სოფლები და სადაც მისი სიტყვა გაისმა, არც ერთი იმ სოფლიდან ამ ომში არ წასულა ჩერქეზი. ბატონი თეუჩეჟი დღესაც არის ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს ჭეშმარიტი დესპანი“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მან მადლობა გადაუხადა სტუმარს ჩვენს ქვეყანასთან აქტიური ურთიერთობებისთვის და საქართველოსთვის სასიკეთო საქმეების კეთებისთვის.
გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია რამდენიმე ათეული წლის წინ, თეუჩეჟ ყატიმ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჩუქრად გადასცა.
„1974 წელს დავამთავრე სახელმწიფო აკადემია. ჩემი ყველა მასწავლებელი იყო ქართველი, ამიტომ ვგრძნობ მათ წინაშე მადლიერებას და ამასთანავე, ვალდებულებას. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჩუქრად გადავეცი 105 ნამუშევარი. დღეს, აქ გამოფენილ ნახატებში წარმოდგენილია ქართული კლასიკური ლიტერატურის ილუსტრაციები – ვაჟა ფშაველას პოემებზე, მათ შორის არის სისხლის აღება, რომელიც ჩერქეზულ თემას ეძღვნება. ამასთან ერთად, სინთეზში წარმოდგენილი მაქვს ჩერქეზული ფოლკლორის მოტივები. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პარლამენტს კერძოდ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ღონისძიების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა მხატვარმა.
თეუჩეჟ ყატის შემოქმედება აღიარებულია სახელმწიფო ჯილდოებითა და საპატიო წოდებებით. მხატვარმა 1974 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პედაგოგი იყო ცნობილი ქართველი მხატვარი სერგო ქობულაძე, რომლის სამხატვრო სკოლამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მხატვრის მსოფლმხედველობისა და მხატვრული ოსტატობის სრულყოფაში.
თეუჩეჟ ყატის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რიგი აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი და საქართველოს მხატვართა კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები