მარიამ ჯაში: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა ექნება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის რეფორმის პირველი ეტაპის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
კონფერენციაზე “უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა, შედეგები და შემდგომი ნაბიჯები” მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე მონაწილეობდნენ საზღვარგარეთელი სტუმრები – სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრის პრეზიდენტები და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) -ს ვიცე პრეზიდენტი.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა ევროკავშირის 2015 წლის სტანდარტების შესაბამისად. დღევანდელი მონაცემებით 20-ზე მეტმა უნივერსიტეტმა ავტორიზაცია უკვე გაიარა წარმატებით. გარკვეულმა უნივერსიტეტებმა საკუთარი ნება-სურვილით შეიჩერეს ავტორიზაცია და მოხდა უნივერსიტეტების გარდაქმნა პროფესიული განათლების დაწესებულებებად, რამდენიმე უნივერსიტეტმა, სამწუხაროდ, ვერ გაიარა ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი. ასევე აღინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განსაკუთრებული წარმატება, რომელმაც მიიღო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება, რაც კონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, არამედ საქართველოში მოქმედი სამედიცინო ფაკულტეტებისთვის.
ღონისძიებაზე იმსჯელეს ავტორიზაციის პროცესის დანერგვის როგორც წარმატებებზე, ასევე იმ ხარვეზებზე, რომლებიც გამოიკვეთა ავტორიზაციის პროცესის განხორციელების პირველ ეტაპზე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, რომელმაც განათლების უწყების მესვეურთ, საერთაშორისო პარტნიორებსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაუდასტურა საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერისათვის მზადყოფნა და აღუთქვა, რომ ერთობლივად შეჯერებულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების ხარისხის შემდგომი უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო რეგულაციებში ასახავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები