თბილისი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტში (თბილისის სასახლე, პლენარულ სხდომათა დარბაზი) თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) – „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად” გაიმართება. ფორუმი 15 დეკემბერს, 10:00 საათზე გაიხსნება.
ორდღიან კონფერენციას, საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს.
კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორი, ვინაი პატრიკ სალდანჰა.
კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი მარიამ ჯაში გამოვა მოხსენებით თემაზე: „TISIFF 2015 რეკომენდაციები და TISIFF 2018 ფორუმის მოსალოდნელი შედეგები”.
ფორუმის ფარგლებში ჩატარდება 5 პლენარული და 4 პარალელური სესია. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი – ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.
ფორუმის ფარგლებში შემუშავდება TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით წარედგინება გაეროს გენერალური მდივნის აპარატს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 150 დელეგატი, მათ შორის იქნებიან 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თბილისის TISIFF 2018 ფორუმის მიზანია გაეროს 2030 დღის წესრიგის დასაფინანსებლად ინოვაციური პლატფორმების მნიშვნელობის დადასტურება, სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური დაფინანსების უფრო ეფექტური მართვის, პროგნოზირების, შედეგების ანალიზისა და გამჭირვალობისათვის საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმებზე შეთანხმების მიღწევა.
2015 წელს თბილისში ჩატარებული პირველი საერთაშორისო ფორუმის შემდეგ საქართველო გახდა ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო დიალოგის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. 2017-2018 წლებში საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად საქართველომ 3 შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე და 73-ე სესიებისა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) 2018 წლის ფორუმის ფარგლებში.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სრულად განხორციელებას ყოველწლიურად დამატებით 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი სჭირდება და ინოვაციური დაფინანსების პლატფორმები აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური გზა ხდება. ინოვაციური დაფინანსების პლატფორმებს მიეკუთვნება სოლიდარობის პროგრამები, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სოციალური ინვესტიციები, ბლოქჩეინ ტექნოლოგიები და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები