კახა კახიშვილი: ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებზე ინაუგურაციის შემდეგ გიპასუხებთ

„საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ნორმალურად ჩაივლის, ყველაფერი იქნება ლამაზად და მშვიდად“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და პრეზიდენტის საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა, სადაც ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, წინასაინაუგურაციო რეპეტიცია უკვე გაიმართა.
„აქ ბრძანდებოდა ახლად არჩეული პრეზიდენტი. ფაქტობრივად, ჩატარდა წინასაინაუგურაციო რეპეტიციაც და ვფიქრობ, ინაუგურაცია ნორმალურად ჩაივლის. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის შთაბეჭდილებებს, ალბათ, ამაზე თავად სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ. ტრიბუნები აწყობილია, ყველაფერს ვასწრებთ და ინაუგურაცია ჩაივლის ლამაზად და მშვიდად. ვერაფერს მოგახსენებთ თბილისთან დაკავშირებით, მე პასუხისმგებელი ვარ თელავში ინაუგურაციის ჩატარებაზე. თბილისის ლოკაციის ღონისძიებაში ჩვენ არ ვიყავით ჩართული. სალომე ზურაბიშვილის შტაბი იყო ამის ორგანიზებაში ჩართული. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯერ დაზუსტებული არ არის. თქვენთან მოსვლამდე ვესაუბრე კონტრაქტორ ფირმას და ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებზე ინაუგურაციის შემდეგ გიპასუხებთ“, – განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება ინაუგურაციაზე სტუმრებს, როგორც კახიშვილმა აღნიშნა, სიები კიდევ დგინდება.
კახიშვილის ინფორმაციით, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმში ინაუგურაციის ღონისძიების გამართვის შემდეგ, საზეიმო მიღება თელავში, თეატრის შენობაში გაიმართება.
„სტუმრებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გვაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით, 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება ინაუგურაციის პროცესს. შემიძლია გითხრათ, რომ იქნება სომხეთის პრეზიდენტი, ასევე რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერები და სხვა სტუმრები. იმ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ მოსაწვევები, ღონისძიებას დაესწრებიან თელავის თეატრში. სიები მოგვაწოდა სალომე ზურაბიშვილის შტაბმა, ასევე ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კახეთის გუბერნატორს და თელავის მერს, რომ მოგვაწოდონ ეს სიები. მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლოა ბევრი ადამიანი არ დაეტიოს. მცდელობა იყო, რომ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა ყოფილიყო. მეორე ლოკაცია იქნება საზეიმო მიღება თელავის თეატრში, ასევე ვიხილავდით წინანდალს, თუმცა წინანდალში მიღება არ იქნება. საინაუგურაციო კომისიაში წინანდლის საკითხი არ იხილება“, – განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები