საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მონიტორინგის მიზნით კომპანია RMG-ში იმყოფებოდა

სააქციო საზოგადოება “RMG Copper”-ის და შპს “RMG Gold”-ის საწარმოებში გარემოსდაცვითი პროგრამის მიმდინარე და განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების მონიტორინგის მიზნით სამუშაო ვიზიტით საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა და კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრები – „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა“ იმყოფებოდნენ.
RMG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონი შუბითიძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2018 წლისთვის განსაზღვრული გარემოსდაცვითი ღონისძიებები კომპანიამ ფაქტობრივად შეასრულა, თუმცა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი.
„მიმდინარე წელს ჩვენი მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის და საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შევძელით. 2018 წელს გარემოსდაცვით ღონისძიებაში “RMG”-იმ 9 000 000-მდე ლარი დახარჯა. ამ დროისათვის დასრულებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის მდ. კაზრეთულას ინკაფსულაცია, საავარიო დამჭერი კასკადების მშენებლობა, სპილენძის კუდსაცავის სადრენაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობა. დაწყებულია მუშაობა ტუფის კარიერის რეკულტივაციაზე“, – განაცხადა ჯონი შუბითიძემ.
მხარეებმა საწარმოო ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში აშენებული მჟავე კარიერული წყლის მარეგულირებელი რეზერვუარი, ტუფის კარიერის რეკულტივაციის პროცესი და საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი ნარჩენების მართვის უბანი მოინახულეს. ასევე, მიიღეს დეტალური ინფორმაცია სს “RMG Copper”-ის ტერიტორიაზე მდებარე მე-2 და მე-4 პრობლემური სანაყაროების შესახებ, რომლის დატერასების პროცესი მიმდინარეობს. შპს “RMG Gold”-ის #1 კარიერზე კომპანიის ექსპრეს ლაბორატორიის მეშვეობით, მოხდა ზუმფის წყლის ლაბორატორიული სინჯების აღება და ადგილზე შესაძლებელი კომპონენტების განსაზღვრა. წყლის ნიმუში ალტერნატიული კვლევის ჩასატარებლად საპარლამენტო კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრებს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები