საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა ბუნდესტაგის აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების გამოცდილებას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაცია, აპარატის უფროსის, გივი მიქანაძისა და აპარატის უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის ხელმძღვანელობით, 12-14 დეკემბერს ვიზიტით ბერლინს ეწვია, სადაც გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის თანამშრომელთა მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მოღვაწე ბუნდესტაგის სტრუქტურული ერთეულებისა და კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა.
ვიზიტის მიზანი გერმანიის პარლამენტის თანამშრომელთა სწავლებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამების, მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის თანამედროვე სტანდარტების გაცნობა, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრსა და გერმანიის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის დაწყების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საჯარო მოსამსახურეთა გადამზადების სფეროში ბერლინსა და ბრანდერბურგის მიწაზე მოღვაწე საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ბუნდესტაგის იმ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, რომლებიც აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და რეგულარულ სწავლებაზე არიან პასუხისმგებელი.
გერმანელ პარტნიორებთან ერთად, 2019 წელს, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის გაძლიერებაზე გამიზნული ერთობლივი გეგმები დაისახა, რაც 2019-2020 წლების პარლამენტის სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კონკრეტული მიმართულების განხორციელება იქნება.
ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებითა და ორგანიზებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში პარლამენტის სასწავლო ცენტრში ძირეული რეფორმები განხორციელდა. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის მხრიდან განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭა სასწავლო ცენტრის გაძლიერებას, მისი ფუნქციიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე; გაფართოვდა თანამშრომლობა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები