„პარლამენტი ძლიერდება და ის ხდება საკვანძო ორგანო ხელისუფლების დანაწილების სისტემაში”

„16 დეკემბერი არის ისტორიული დღე გამომდინარე იქიდან, რომ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამ დოკუმენტის მთავარი მიღწევა გახლავთ ის, რომ სრულად იქნება გამორიცხული ნებისმიერ პირობებში ავტოკრატიის განმეორება ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა.
მისივე თქმით, 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებაა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი.
„ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა და როგორც მოგეხსენებათ, ასევე, 2020 წლიდან ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ასევე, შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. თქვენ ნახეთ, რა პროგნოზს ვაკეთებდით ჩვენ, რომ არ არის თავსებადი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები საპარლამენტო მმართველობასთან და ამის საუკეთესო დასტური იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნები გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ გამოდიოდნენ პროგრამებით და რეალური დაპირებებით. მათ, ხშირ შემთხვევაში, უწევდათ ტყუილი დაპირებების გაცემა და ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ და ასევე, კონცენტრირებული იყო ეს არჩევნები მთლიანად პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფაზე, აგრესიაზე და ეს იყო იმ ნონსენსის გამოძახილი, რასაც ჰქვია საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის არასწორი და ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები ჩატარდება უკვე არაპირდაპირი წესით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას უკავშირდება.
მისი თქმით, კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად, ამოქმედდება რეგლამენტი, რომელიც პარლამენტს კონკრეტულ და ქმედით ბერკეტებს ანიჭებს.
„კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად, იმავე დღეს ამოქმედდება პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელი მიიღო რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა. ახალი რეგლამენტი, კონსტიტუციასთან ერთად, პარლამენტს ანიჭებს კონკრეტულ, ძალიან ქმედით ბერკეტებს იმისთვის, რომ განხორციელდეს სათანადო ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. ეს მოიცავს, მათ შორის, უშუალო კომუნიკაციას პარლამენტსა და მთავრობას შორის, მთავრობის წევრების დასწრებას საპარლამენტო სხდომებზე, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო სხდომები. ამ კუთხით, მნიშვნელოვნად ფართოვდება პარლამენტის ბერკეტები და ამას ყველაფერს ვნახავთ ჩვენ პრაქტიკაში უკვე მომავალი წლიდან, როდესაც სრულად იქნება ამოქმედებული ეს ცვლილებები”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი განცხადებით, საპარლამენტო მმართველობის პირობებში, პარლამენტი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში საკვანძო ორგანო ხდება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ გამოწვევისთვის პარლამენტი მზად არის და ამის შედეგებს პრაქტიკაში ვნახავთ. მან საპარლამენტო საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებელი კონკრეტული გეგმა აისახა კონსტიტუციასა და რეგლამენტში.
„იყო მთელი რიგი ხარვეზები პარლამენტის საქმიანობაში, ამ ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ამ ხარვეზებზე ვსაუბრობდით ღიად, თუმცა, ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ გვქონდა კონკრეტული გეგმა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. ამაზე ჩვენ ვიმუშავეთ, მათ შორის, ეს ყველაფერი ავსახეთ კონსტიტუციაში, რეგლამენტში და პრაქტიკაში უკვე ეს ყველაფერი აისახება მომავალი წლიდან. ამის შედეგებს ჩვენი საზოგადოება იხილავს ძალიან მალე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ეთიკის კოდექსზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარლამენტის წევრთა მხრიდან არა ეთიკური ქცევა სხვადასხვა ქვეყნებში უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა, ამოცანაა ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა.
„ჩვენ არაერთი არა ეთიკური ქცევა ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ, როგორც ამ მოწვევაში, ასევე, წინა მოწვევებში. ეს არ არის, ზოგადად, უჩვეულო მოვლენა პარლამენტარიზმში, არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს ყველაფერი. თუმცა, ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის რისკი. ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც ამ კუთხით შევიდა რეგლამენტში, მათ შორის, ამას უკავშირდება ეთიკის კოდექსის ამოქმედება და ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს უკეთესი სურათის მიღებას საქართველოს პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელნი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები