სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრმა ფოკუსჯგუფის შედეგები წარმოადგინა

„სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრმა“ საზოგადოებას ფოკუსჯგუფის შედეგები ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარუდგინა.
როგორც „კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშული ფოკუსჯგუფი „სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის“ (SJMC) პროექტის – „ღია და ეფექტური მმართველობისათვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მხარდაჭერითა და “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (NED) დაფინანსებით ახორციელებს.
ფოკუსჯგუფები ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას, უფრო კონკრეტულად, ადგილობრივ პროცესებში მოქალაქეთა ინფორმირებულობის და ჩართულობის მექანიზმების შესწავლას ისახავდა.
ფოკუსჯგუფმა ახალციხეში არსებული გამოწვევები, ხალხსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფორმაციის მიღების წყაროები, ხალხსა და ხელისუფლებას შორის ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილა.
ამასთან, კვლევის ფარგლებში ჩაღრმავებული ინტერვიუები ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ჩატარდა. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ძირითად საკითხებში ხალხის და ხელისუფლების ხედვები ემთხვევა, თუმცა არის მიმართულებები, სადაც მეტი კომუნიკაციის საჭიროებას ორივე მხარე ხედავს.
პროექტი გრძელდება და მომდევნო ეტაპი უკვე საზოგადოების, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ეფექტური მექანიზმის შემუშავებასა და მათ დანერგვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები