„მოვუწოდებ უმრავლესობას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაკეტოს ის პანდორას ყუთი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გახსნა“

0

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იჭრება პარლამენტის პრეროგატივაში და ცდილობს მის ჩანაცვლებას, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს.
„უკვე დიდი ხანია, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაიქცა ალტერნატიულ პარლამენტად, მის ზედა და საბოლოო პალატად .
საკონსტიტუციო სასამართლო გასცდა სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იჭრება პარლამენტის პრეროგატივაში და ცდილობს მის ჩანაცვლებას. სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ის იღებს, მათ შორის ნარკოტიკების ლეგალიზაციისა და მიწის შესახებ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი უფლებამოსილება უნდა გადაეცეს ჩვეულებრივ სასამართლოებს, რათა შესაძლებელი იყოს ინსტანციურობა, ანუ საკამათო გადაწყვეტილებების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციებში. ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება” , – მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება გადავიდეს ჩვეულებრივ სასამართლოებში“, – განაცხადა კობა დავითშვილმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაა დაწყებული. როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, პროცესი შეფერხებულია.
„ვაგროვებთ 200 000 ხელმოწერას ორ საკითხზე: პირველი ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება, მისი უფლებების გადაცემა ჩევულებრივი სასამართლოებისთვის და მეორე, მარიხუანას ლეგალიზაციის გადაწყვეტილების დაძლევა.
მინდა საზოგადოებას მოვუწოდო , რომ გავაქტიურდეთ ამასთან დაკავშირებით. არჩევნებმა გარკვეულწილად გადაყლაპა ეს პროცესი და შეფერხებულია. არის საფრთხე, რომ 200 000 ხელმოწერა ვერ მოგროვდება. 1 თვე გვრჩება, რომ შევაგროვოთ ხელმოწერები .
უნდა შეიცვალოს არასწორი განმარტება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-14 მუხლს მისცა, რომ თურმე ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება გულისხმობს თვითდაზიანების უფლებას ნარკოტიკების მოხმარების გზით. უნდა ჩაიწეროს, რომ ეს უფლება თვითდაზიანებას, დეგრადირებასა და თვითგანადგურებას არ გულისხმობს და პარლამენტს ნარკოტიკული ნივთიერებების როგორც გასაღების, ისე მოხმარების შეზღუდვა და აკრძალვაც უნდა შეეძლოს. პირდაპირ ვუკავშირებ გახშირებულ სიკვდილიანობას და ლიბერალურ პოლიტიკას ერთმანეთს, რადგან მარიხუანას სარგებლიანობის პროპაგანდა მიდის სხვადასხვა მედიასაშუალებაში. “ქართულ ოცნებას” აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შეუძლია, გააკეთოს ცვლილება კონსტიტუციაში 76 ხელმოწერის შეგროვებით. თქვე დალოცვილებო, რას გვაწვალებთ 200 000 ხელმოწერის შეგროვებაზე?
მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაკეტოს ის პანდორას ყუთი, რომელიც გახსნა საკონსტიტუციო სასამართლომ”, – განაცხადა დავითაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი