კახა კახიშვილი : ყველას სურვილია, რომ ინაუგურაციას რაც შეიძლება ცოტა თანხა დაჯდეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა ჩვენ პარტნიორთან, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დაესწროს ინაუგურაციის პროცესს – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, სტუმრების სიას საგარეო საქმეთა სამინისტრო ხვალ წარმოადგენს.
„დღეს განვიხილეთ შესაძლო სცენარი, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც კონტურები იკვეთება. სტუმრების შესახებ არ გვექნება ინფორმაცია იქამდე, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ გვექნება ინფორმაცია. მათ ორშაბათამდე აქვთ ვადა, რომ წარმოადგინონ სია, დაახლოებით ვინ ჩამობრძანდებიან უცხოეთიდან. რაც შეეხება ლოკაციებს, ისევ ძალაშია სამი ლოკაცია, ეს არის თბილისი, თელავი და წინანდალი. თბილისთან მიმართებაში საუბარია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინით შემკობაზე, გმირთა მემორიალზე მისვლაზე. ფიცის დადების ცერემონია კი გაიმართება თელავში, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ არ შეიცვლება. ასევე განიხილება წინანდლის ლოკაცია, სადაც საზეიმო მიღება უნდა გაიმართოს.საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა ჩვენ პარტნიორთან, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დაესწროს ინაუგურაციის პროცესს. ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, დაიწყება 15:00 საათზე და დასრულდება დაახლოებით 19:00 საათზე. აქედან გამომდინარე, არ არის სურვილი სტუმრების მხრიდან, რომ განთავსდნენ სასტუმროში.დღედ ვსაუბრობთ, რომ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს ფიცის დადების ცერემონია, პლუს-მინუს ერთი საათი შეიძლება იყოს ცვლილება, იმის გათვალისწინებით, რა ამინდი იქნება. რაც შეეხება ბიუჯეტს, სანამ არ გვეცოდინება სტუმრების რაოდენობა, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით. ყველას სურვილია, ეს ღონისძიება რაც შეიძლება ცოტა თანხა დაჯდეს”- განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, ინაუგურაციაზე დასწრება მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ლოკაცია არის საკმაოდ შორს თბილისიდან, მაგრამ ამის მიუხედავად ვმუშაობთ საკითხზე, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ტრანსპორტირებაც მოხდება და ხელშეწყობაც იქნება გონიერების ფარგლებში”,- აღნიშნა კახიშვილმა.
​საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები