ამირან სალუქვაძე: როგორ შეიძლება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე მხოლოდ 2008 წლის ომით ვისაუბროთ 

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე თოთხმეტ საჯარო სკოლაში მოქმედი სამხედრო ოფიცრების მიერ, ახალი საგნის, “თავდაცვა და უსაფრთხოება” სწავლების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, სირცხვილია თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ თემაზე თავდაცვის სამინისტრო, გენერალთა კლუბი და ომის ვეტერანები, ერთმანეთს მედიით და სოციალური ქსელის მეშვეობით ესაუბრებიან.
​ამასთანავე ამირან სალუქვაძის განმარტებით, არ შეიძლება სახელმძღვანელოში, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე კონტექსტიდან ამოვარდნილად, მხოლოდ 2008 წლის ომზე იყოს საუბარი.
ბრიგადის გენერალი აღნიშნული სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზას, ამ საკითხის სამეცნიერო წრეებში განხილვას მიიჩნევს.
სახელმძღვანელომ “თავდაცვა და უსაფრთხოება”, საზოგადოების გარკვეულ წრეებში მღელვარება გამოიწვია.
სირცხვილია, როცა თავდაცვის სამინისტრო და გენერალთა კლუბი, ომის ვეტერანები, ერთმანეთს განცხადებებით, მედიის საშუალებით და სოციალური ქსელის მეშვეობით ესაუბრებიან, რისი მიზეზიც ალბათ თავდაცვის უწყების ჩაკეტილობაა.
240-გვერდიანი წიგნი არაა 1-2-საათიანი ლექცია, ის ალბათ მთელი წლის მანძილზე ისწავლება. იქნებ ექსპერიმენტი ჩვენზე ჩაატაროთ და არა ბავშვებზე.
როგორ შეიძლება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე კონტექსტიდან ამოგდებულად მხოლოდ 2008 წლის ომით ვისაუბროთ?! ნუთუ 240-გვერდიან წიგნში არ მოიძებნა ადგილი რათა მიმოეხილათ 2018-21 წლები, საბჭოთა პერიოდის დროინდელი საფრთხეები (თუ საფრთხეებზე ვსაუბრობთ) და უკვე დამოუკიდებლობის პერიოდის კონფლიქტები ?!
ის, რომ სამოქალაქო თავდაცვა უნდა ისწავლებოდეს, წლებია ვწერ, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ (სტატია: “სამოქალაქო თავდაცვა და სახელმწიფოს უსაფრთხოება”). ოღონდ, სამოქალაქო თავდაცვის ფარგლებში უნდა ისწავლებოდეს პირადი და კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები და არ უნდა ავურიოთ ეროვნულ უსაფრთხოებაში.
ეს წიგნი, რომ იყოს უბრალოდ საავტორო პროდუქტი, რომელიც ღია გაყიდვაში იქნებოდა, არავის ექნებოდა პრეტენზია სახელმწიფო სტრუქტურებთან.
მაგრამ, ეს წიგნი სკოლის სახელმძღვანელო იქნება და არავის აქვს უფლება ისტორია ამოგლეჯილად შეიტანოს სასკოლო სახელმძღვანელოებში.
შესაძლოა, საზოგადოების ნაწილი სრულიად უსაფუძვლოდ აღშფოთდა, რადგან ემოციები მხოლოდ იმ ინფორმაციებს ეყრდნობა, რაც მედიით გავრცელდა.
როცა დაგჭირდათ, რეზერვის კონცეფციას იხილავდით თვეების განმავლობაში სრულიად არაპროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე გენერალთა კლუბთან და სამხედრო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან. მეც მივიღე მონაწილეობა. ძალიან დიდი ხანია თავდაცვის სფეროთი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან მნიშვნელოვანი თემების, თუნდაც საჰაერო თავდაცვის ან სხვა სფეროებში, აღარ გაქვთ.
რა პრობლემა იქნებოდა შეგეკრიბათ ეს ხალხი და გესაუბრათ წიგნის ირგვლივ?! ეს ხომ სათამაშო თემა არაა, ჩვენს შვილებს ჩვენი უახლესი ისტორია უნდა ასწავლოთ და გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა წერია ამ სახელმძღვანელოში მანამ, სანამ საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. როცა დანერგავთ, შემდეგ რაღა აზრი ექნება განხილვებს ?!
არავის აქვს პრეტენზია საავტორო უფლებებზე. ნუ აჩქარდებით. განიხილეთ სახელმძღვანელო ფართო წრეებში, არა მხოლოდ თადარიგის სამხედროებთან, არამედ სამეცნიერო წრეებშიც”,-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები