სალომე ზურაბიშვილი: თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი

საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ჩატარების ადგილად თელავის არჩევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო.
მისი თქმით, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი მოიაზრებოდა, თუმცა, მისთვის მხოლოდ ქალაქი თელავი იყო მისაღები.
„ჩემთვის ერთი ქალაქი განიხილებოდა მხოლოდ. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს, რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი რატომაც თელავზე არჩევანი გავაკეთე არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები