ლალი მოროშკინამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შვილი დაასაქმა

     სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი ლალი მოროშკინა უწყებაში საკუთარი ოჯახის წევრებს ასაქმებდა, – ამის შესახებ გაზეთ „ვერსიასთან“ ინფორმირებული წყარო საუბრობს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მოროშკინამ მისი შვილი სანდრო ჩაგანავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამეურნეო სამსახურში დაასაქმა. ამასთან, როგორც გაზეთი წერს, მოროშკინა მუდმივად სთხოვდა დარბაისელს სოციალური სამმართველოს უფროსად დანიშვნას და, სანაცვლოდ, იმის პირობას იძლეოდა, რომ არასამთავრობოებსა და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტთა ნაკადთან ურთიერთობას დაალაგებდა.
„მოროშკინამ შვილი – სანდრო ჩაგანავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამეურნეო სამსახურში დაასაქმაო. პრინციპში, კმაყოფილებისთვის ცუდი ფაქტორები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებობს გულისწყრომის კიდევ ერთი ვერსია: ამბობენ, ქალბატონი ლალი მუდმივად სთხოვდა დარბაისელს სოციალური სამმართველოს უფროსად დანიშვნას და სანაცვლოდ იმის პირობას იძლეოდა, რომ არასამთავრობოებსა და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტთა ნაკადთან ურთიერთობას დაალაგებდა. მოკლედ, მოროშკინას ირგვლივ ბევრი ვერსია და მოარული ხმა ტრიალებს. ასეა თუ ისე, დღეს იგი განაწყენებულია, შიმშილობით იმუქრება და ამბობს, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შვეიცარიის საელჩოს თავშესაფარს მოსთხოვს… მისგან გამოტანილი დეპარტამენტის ხელფასების უწყისები კი რატომღაც „ნაციონალებამდე“ მიდის“,- წერს გაზეთი „ვერსია“.
„ვერსიასთან“ ინტერვიუში მოროშკინა ადასტურებს, რომ მისი შვილი ნამდვილად მუშაობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, თუმცა ის საჯარო მოხელე არ არის და არც ხელფასი ერიცხება.
“საჯარო მოხელე არ არის. მხოლოდ კონტრაქტით იყო, ანუ ხელშეკრულებით, ოღონდაც ეკონომიკური განხრით. ეს არის მომარაგებაში ეკონომიკური ჯგუფი, მაგრამ არც ხელფასი ერიცხება და არც პრემია“, -აცხადებს მოროშკინა.
აღებულ პრემიებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი აცხადებს, რომ მან დღესასწაულებზე ხელფასიის ნახევარი ოდენობის პრემია – 600-700 ლარი მიიღო. ჰქონდა თუ არა მაია ხასაიას პერიოდში ციხეზე მობილური ტელეფონების შეტანის ფაქტებთან რაიმე კავშირი მოროშკინას, ის აცხადებს, რომ ამაზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და ხასაია გადადგა კიდეც, თავად კი როგორც უსაფრთხოების თანამშრომელი“ ამოღების პროცესში იყო ჩართული.
რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ მოროშკინას განაწყენების მიზეზი სოციალური განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე უარის თქმა გახდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი აცხადებს, რომ მას რუსეთის ელჩობა სურს. დეპარტამენტში კი ისედაც დიდი თანამდებობა უკავია და სოციალური განხრა უფრო დაბალი საფეხურია.
„მე ელჩობა მინდა რუსეთში. დიახ, მინდა მაღალი თანამდებობა, როგორც კი მოგვარდება რუსეთთან ურთიერთობები. დეპარტამენტში ისედაც დიდი თანამდებობა მაქვს და სოციალური განხრა უფრო დაბალი საფეხურია, მასე არ დავკნინდები“, – აცხადებს მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები