მეგის ქარდავა უკრაინის ციხიდან გაათავისუფლეს – სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საპყრობილიდან გაათავისუფლეს, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა.

მეგის ქარდავას ქართველმა ადვოკატმა მისი დაცვისქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გამოცემისგან შეიტყო და განმარტა, რომ პირადად ის ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.

„არ მქონია კომუნიკაცია ამ საკითხზე, შესაბამისად, თქვენგან მესმის პირველად. ინფორმაცია, ალბათ, პროკურატურას უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

„პრაიმტაიმი“ მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, რატომ ვერ მოახერხა ამ დრომდე ქართულმა მხარემ არაერთი გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება?

შალვა თადუმაძის უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ მეგის ქარდავამ უკრაინის საპყრობილე მართლაც დატოვა, თუმცა თადუმაძის უწყებაში იქვე განმარტეს, რომ მას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა, ხოლო საქართველოში მისი ექსტრადირების საკითხის განხილვა შესაბამისი უწყების მიერ ამჟამადაც მიმდინარეობს.

„მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ და მას შეფარდებული ჰქონდა  საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი. მეგის ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა 2018 წლის პირველ ნოემბერს იწურებოდა და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, რაც გულისხმობს  ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მისი ექსტრადიციის საკითხის განმხილველ ორგანოში წარმოდგენა. ამასთანავე, თავშესაფრის მინიჭების  პროცედურების დასრულებისთანავე, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოთხოვნილია სისხლის სამართლის 11 საქმეზე,

„იგი გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდადებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლის მიერ ოთხწლიანი ძებნის შემდეგ უკრაინაში გასული წლის პირველ ნოემბერს შეცვლილი გარეგნობით, შეცვლილი ვინაობით და ყალბი დოკუმენტაციით დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარდავას დაკავების მომენტში ხუთი სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი აღმოაჩნდა, მათ შორის ერთი – საქართველოსი, ორი – უკრაინის, ერთი – ლატვიის და ერთიც – ბელიზის. ამავე ინფორმაციით, ამოღებულია მეზღვაურის მოწმობა, რომლის გამოყენებითაც მეგის ქარდავა სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს კვეთდა. აღნიშნული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მეგის ქარდავა „ომარ ძანძავას“ სახელითა და გვარით გადაადგილდებოდა. ის სწორედ ამ პირადი მონაცემებით დააპატიმრეს.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები