თამარ სანიკიძე მანდატურებს შეხვედრას სთავაზობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მანდატურის სამსახურის უფროსმა, შალვა დაშნიანმა განაცხადა. დაშნიანმა განათლების სამინისტროსთან აქციის მონაწილე მანდატურებს განუცხადა, რომ თამარ სანიკიძის ინიციატივაა, შეხვედრა მანდატურის სამსახურის დეპარტამენტში, ალექსიძის ქუჩაზე გაიმართოს და მას 50 მანდატური დაესწროს, რაზეც მანდატურები უარს აცხადებენ.
მათი თქმით, თამარ სანიკიძე არა 50 თანამშრომელს, არამედ ყველას უნდა შეხვდეს. “თუ ალექსიძის ქუჩაზე შენობაში არსებული დარბაზი მეტ ადამიანს ვერ იტევს, თამარ სანიკიძე თავად მობრძანდეს აქ, განათლების სამინისტროსთან და ყველას გვესაუბროს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. მანდატურის სამსახურის უფროსის თქმით, შეხვედრა 13:00 საათისთვის იყო ჩანიშნული. მანდატურები მათი სამსახურის სკოლის დაქვემდებარებაში გადასვლას აპროტესტებენ.