გრიგოლ ვაშაძის მორიგი სიცრუე – “ სააკაშვილს ჩემს კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს”

“ სააკაშვილს ჩემს კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს”, – აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა.
BBC: – ბევრი ამბობს, რომ ეს არჩევანი არ იყო თქვენსა ზურაბიშვილს შორის, არამედ ეს იყო არჩევანი სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის.
გრიგოლ ვაშაძე: – ეს პროპაგანდაა, რადგან ყველამ იცის, რომ არჩევანი იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის. სააკაშვილს ჩემს კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს. დიახ, მას ვხედავთ ტელევიზორების ეკრანზე… მაგრამ შეხედეთ ჩემი პროგრამის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. ოდესმე გსმენიათ მისგან ისეთი რამ, რაც ემთხვევა ჩემს შეთავაზებებს? სერიოზულად ვამბობ, დამიჯერეთ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. არ ვიცი, სამომავლოდ რა შემადგენლობით იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, მაგრამ მინდა, რომ შენარჩუნდეს ეს კავშირი, გაფართოებაც კი შეიძლება. პირველი 100 დღის განმავლობაში ამ რეფორმებს განვახორციელებთ.
BBC: – მაგრამ თქვენ ხომ საკმაოდ აქტიურად იყენებდით სააკაშვილის ფიგურას თქვენს კამპანიაში…
გრიგოლ ვაშაძე: – ხოო? არა, ეს ასე არ არის. მისი მოსაზრება – ეს ერთი ადამიანის მოსაზრებაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩემთან, ჩემს თანაგუნდელებთან თუ გაერთიანებულ ოპოზიციასთან. მაგალითისთვის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება – ეს მისი მოწოდებაა.

BBC: – ამ არჩევნების შედეგებს არანაირ შემთხვევაში არ აღიარებთ?

გრიგოლ ვაშაძე: – არა, ეს უკვე ვთქვი.

BBC: – იმ შემთხვევაშიც კი, თუ კვირის აქციაზე 100 ადამიანი გამოვა?

გრიგოლ ვაშაძე: – ზუსტად. როგორც მოქალაქეს, ამ ლედის წინაშე არანაირი პოლიტიკური ვალდებულებები არ მაქვს. ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

BBC: – რამდენი ადამიანის ნახვის იმედი გაქვთ?

გრიგოლ ვაშაძე: – ჩემთვის ერთი ქართველიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი ადამიანიც მოვა, მოვიდეს. ჩვენ ღარიბი პოლიტიკური პარტია ვართ, ჩვენ ფული არ გვაქვს. ვფიქრობ, ამაში დარწმუნების ბრწყინვალე შესაძლებლობა გექნებათ. ჩვენ ფული არ გვაქვს. მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, სხვა პოლიტიკური პარტიების დახმარებით, თბილისში სამი თუ ოთხი ბანერის ჩამოკიდება მოვახერხეთ, მანამდე პოსტერიც კი არ გვქონდა. მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რადგან ფულის გარეშე, შეუძლებელი შევძელით. მაშინ, როდესაც კერძო სიმდიდრე გვიწევდა წინააღმდეგობას, სიმდიდრე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტსაც კი აჭარბებს. ჩვენ წინააღმდეგ იყო სამართალდამცავი ორგანოები, კრიმინალები და მთელი მასმედია, ზოგიერთი ინტერნეტპორტალისა და ოპოზიციური ტელემაუწყებლობების გამოკლებით, რომელთაგანაც ერთ-ერთი კამპანიის დროს დაიხურა. ჩვენ თითქმის 800 ათასი ხმა მოვაგროვეთ. ეს იმაზე მეტია, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამ მასხარების, ე.წ. “ქართული ოცნების” მიერ დაგროვილი ხმები.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე ინტერვიუში კატეგორიულად უარყოფს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას, თავად ამას მიხეილ სააკაშვილი არ მალავს და ღიად აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს და პოლიტიკური სიმპათიებიც აქვს. უფრო მეტიც, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა თავდაპირველად, რომ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ეცნო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია გაემართა, რასაც ვაშაძე და ოპოზიციური სპექტრი დასთანხმდა. მათი პოლიტიკური ნარატივი, არჩევნებთან დაკავშირებით, ერთმანეთს ემთხვევა და კვირას საპროტესტო აქცია დააანონსეს. ოპოზიცია აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას კიდევ ერთხელ გააჟღერებს.
ცნობისათვის, საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა თავის მოწინააღმდეგესთან სალომე ზურაბიშვილთან. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, ხმების 100%-ის ათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59,52% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები