„ზურაბიშვილისთვის პოსტსაბჭოთა ლიდერების გარდა, არც ერთ სახელმწიფო ლიდერს არ მიულოცავს“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი ტყუილი (ვიდეო)

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მორიგ მცდარ ინფორმაციას აწვდის – ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლიდერებმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცეს.
„დღეს, რომ პოსტსაბჭოთა ლიდერებისა და მაკრონის გარდა, არც ერთ სახელმწიფო ლიდერს არ მოულოცავს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხალხის რეაქციას ელოდებიან, აბა ხალხი რა რეაქციას მოახდენს, არის თუ არა ხალხი მზად, რომ თავისი ხმები დაიცვას? მსოფლიოში ძალიან ბევრი ხალხია, რომელიც თავის ხმებს არ იცავს და არის და არის… სალომე არ არის ჩემი პრეზიდენტი, სალომე ბიძინას პრეზიდენტია, დიახ, ეს თქვა გრიგოლ ვაშაძემაც“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს.

ფაქტია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებულ რეალობას აცდენილია, თავს იტყუებს, მოსახლეობას ატყუებს, ან მას საქართველოდან არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების გარდა, არჩევნებში გამარჯვება ევროპის ქვეყნის პირველმა პირებმა, ევროპარლამენტარებმა, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტებულმა ელჩებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გუშინ, 30 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და უკვე მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში, წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით. ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდრო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს, თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები, ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით”,– ნათქვამია გერმანიის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილში.

გერმანიის პრეზიდენტის გარდა, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამაც მიულოცა, ასევე, საქართველომ მილოცვები მიიღო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან ანჯეი დუდასა  და ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტისგან. სალომე ზურაბიშვილმა წერილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტისგან, მარია ფერნანდესისგან, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისგან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისგან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ჟოზეფ ბორელ ფონტელესისგანაც მიიღო.   რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ზურაბიშვილს გამარჯვება აზერბაიჯანის, ესტონეთის, მოლდავეთის, ლიეტუვას და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის პრეზიდენტებმაც მიულოცეს.
მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობიით დაამარცხა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ოპოზიცია კვირას, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავს. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. უფრო მეტიც, არჩევნებში დამარცხებულმა გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცა და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი „უსულო საგანს“ შეადარა. „საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს“ , – განაცხადა ვაშაძემ ფილარმონიაში, მხადამჭერებთან შეხვედრის დროს.

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებების მთავარი ნარატივი ზურაბიშვილის პრორუსულ ძალებთან კავშირში დადანაშაულებაა, თუმცა, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერმა პარტიებმა ასევე „წაუყრუეს“ რუსეთის მიმართ „ბი ბი სი“-ს ეთერში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ მთავარ მესიჯებს. ეს მესიჯები საკმაოდ ხისტი და მკაფიო იყო: 
„სანამ რუსეთი ასე იქცევა, სანამ საოკუპაციო ხაზიდან ადამიანებს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში მოიწევს, თბილისთან სულ უფრო და უფრო ახლოს, სანამ რუსეთი ასე იქცევა უკრაინასთან მიმართებაში, ვფიქრობ, რუსეთთან თანამშრომლობაზე ვერ გადავალთ. საქართველოს აქვს პროევროპული პოზიცია და თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ და ევროპა დიალოგს დაიწყებენ რუსეთთან, საქართველო განზე არ გადგება“
, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ბი ბი სი“-ს რუსულ ბიუროსთან ინტერვიუს დროს.
გაერთიანებულ ოპოზიცია ასევე არ იმჩნევს აშშ-ის მკვეთრ პოზიციას, რომელიც მან საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ გამოხატა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ წერილში სალომე ზურაბიშვილს შემდეგი ტექსტით გამოეხმაურა:„აშშ ელოდება საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას, მათ შორის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
საგულისხმოა, რომ გუშინ, პატრიარქთან შეხვედრისას, მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმაც. უწმინდესთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ დემოკრატია როგორც გამარჯვებას, ასევე, დამარცხებასაც გულისხმობს, შესაბამისად, მან გრიგოლ ვაშაძეს მოუწოდა, ოპონენტის გამარჯვება აღიაროს.

„ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე, დამარცხებასაც და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავის ქვეყანაზე და ასევე, ზრუნავენ თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს. მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გასცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ის, რომ აშშ-ის მხარდაჭერის თემას გაერთიანებულ ოპოზიციაში არ იმჩნევენ, წესით, ქართული საზოგადოებისთვის უცხო არ უნდა იყოს.
გრიგოლ ვაშაძეს ტრამპი და მისი პოლიტიკა გულზე რომ არ ეხატება, არც ეს არის უცხო. აქამდე ის ტრამპის საჯარო კრიტიკას თავს არიდებდა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ჩანაწერი გრიგოლ ვაშაძის საჯარო ლექციიდან, სადაც ის ალასანიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან დაუფარავად საუბრობდა მისთვის არასასურველ ლიდერზე, რომელმაც ჰილარი კლინტონს საარჩევნო პროგრამა მოპარა.
„მე პატიოსნად გეტყვით, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის პიროვნული, გულწრფელად მინდოდა, რომ ჰილარი კლინტონს გაემარჯვა. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამ ადამიანს საქართველოს მიმართ აქვს განსაკუთრებული გრძნობა, მე მას 18-ჯერ შევხდი ოფიციალურად. ჰილარის პროგრმა, საიდანაც ტრამპა წყნარად ამოიღო და ისე მიითვისა და გაითავისა, რომ გეგონება, მაგის მოგონილი იყო, ეს იყო ფედერალური პროგრამა გზების, ხიდების, გვირაბების, პორტების, აეროპორტების ან შენება ან შეკეთება, რომელმაც შეერთებულ შტატებს ოთხი წლის განმავლობაში, 10 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი უნდა მოუტანოს“, – განაცხადა ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

ფაქტია, საქართველოში პოლიტიკური კულტურა „იაფფასიან“ და შეურაცხმყოფელ მესიჯებს არ სცილდება, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნათლად გამოჩნდა.
დამარცხების აღიარება პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, თუმცა ეს უნარები, როგორც ჩანს, ყველას არ აქვს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები