IRI: ვიმედოვნებთ, ყველა პარტია აღიარებს არჩევნების შედეგებს

“ჩვენ ველით მომავალშიც გავაგრძელოთ საქართველოში ყველა დემოკრატიულ პარტიასთან მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გასაძლიერებლად, რომლებიც ქართველი ხალხის სურვილებს გაითვალისწინებს”,-ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დანიელ ტუაინინგმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ქართული დემოკრატიის სიმყარე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ საშიშ სამეზობლოში, რომელშიც საქართველოა.
„დემოკრატიაში არც ერთ პარტიას არ შეუძლია სანდოდ გამოიყენოს პოლიტიკურ ძალაუფლებაზე გრძელვადიანი მონოპოლია. ინსტიტუციური კონტროლი და ბალანსი, მათ შორის, თავისუფალი მედია და მოქნილი სამოქალაქო საზოგადოება, უმნიშვნელოვანეს ელემენტებად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ იყო პროცედურული დარღვევები და დაფიქსირებული შეცდომები, როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ, არ მიგვაჩნია, რომ მათ [არჩევნების] შედეგები შეეცვალა.
რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ არ მოველოდით ამომრჩევლის აქტივობის ასეთ გაზრდას და ასევე გაკვირვებული ვართ, არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების რიცხვობრივი უპირატესობით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია პირობას დებს, რომ “მომავალში გულმოდგინედ გააგრძელებს” პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობას იმაში დასარწმუნებლად, რომ კამპანიები იმის ნაცვლად, რომ ნეგატიურ თავდასხმებზე იყოს კონცენტრირებული, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაფუძნებული და პროაქტიური იქნება.
„საარჩევნო ციკლის განმავლობაში, IRI ყველა მონაწილეს მოუწოდებდა არჩევნების დასრულების შემდეგ მისი შედეგები ეღიარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს ყველანაირი უფლება აქვთ საჩივრები შეიტანონ სათანადო ლეგალური არხების გავლით, მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დემონსტრაციები და გრძელვადიანი დემონსტრაციების მოწოდებები დაარღვევს დემოკრატიული პროცესის არსს. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია არამხოლოდ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არამედ დაიწყებს მომავლისთვის მოსამზადებელი აქტიური ზომების მიღებას, განსაკუთრებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ჯერ ძალიან ადრეა დასკვნის გაკეთება, თუ არჩევნების შემდეგ, რამდენად გაძლიერდა ან დასუსტდა სახელმწიფო, როგორც ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყანა.
​საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მოუწოდებს გაითვალისწინოს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიული აღმშენებლობის თვალსაზრისით აქვს აღებული“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები