ლადო ბოჟაძე: დაფიქსირებული ხარვეზები არჩევნების საბოლოო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა

არჩევნებზე, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, რა თქმა უნდა, იყო ე.წ პროცედურული დარღვევები, ასევე სხვა სახის, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების საბოლოო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გამორჩეული იყო.
„იყო გამორჩეული არჩევნები, იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ერთი, პირველად საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში იყო მეორე ტური და ეს იყო ნამდვილად დემოკრატიისადმი გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ასევე, ამ არჩევნებს ახლდა გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, ვგულისხმობ წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე კენჭისყრის დღეს და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც დღეს დაიწყო ეს არის არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე, სასამართლოში გადაინაცვლებს საჩივრების განხილვის პროცესი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ამიტომ, ვიდრე თავად ეს პროცესი არ დასრულდება, რთული იქნება არჩევნების შედეგების შეჯამება მთლიანად”, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ამ არჩევნებმა გარკვეული ხარვეზები გამოავლინა.
„ჩვენ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყებთ საარჩევნო კანონდებლობაში ცვლილებების მომზადებას. ჩვენ გარკვეული დრო გვაქვს 2020 წლის არჩევნებამდე და ის ხარვეზები, რაც გამოავლინა ამ არჩევნებმა, ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით, იგივე სავარაუდო მოსყიდვის თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა ავსახოთ საარჩევნო კანონდებლობაში, რომ 2020 წელი უფრო მაღალი სტანდარტებით ჩავატაროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ არჩევნებს ახლდა, ჩვენს კანონმდებლობაში ერთი სიტყვა არ წერია სოციალურ მედიასთან მიმართებაში, რაც უკვე წარმოუდგენელია, თქვენ ნახეთ რამხელა როლი ითამაშა სოციალურმა მედიამ ამ საარჩევნო კამპანიაში და ესეც ჩვენი კანონდებლობით გვაქვს დასარეგულირებელი.
მსოფლიოში არსებობს უკვე პრაქტიკები, დავუშვათ, იგივე ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის, მაგალითად, გარკვეული სანქციები “ფეისბუქგვერდების” თუ სხვა ყალბი გვერდების წინააღმდეგ, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ საარჩევნო სუბიექტები, ამ თვალსაზრისით და ხდებოდა მეორე საარჩევნო კანდიდატის დისკრედიტაცია, სიძულვილის ენის გამოყენება და ფაქტობრივად, ჩვენ ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, სამი თვის განმავლობაში, ვირტუალურ სამყაროში ძალიან აგრესიულ, ძალიან პოლარიზებულ საქართველოში ვცხოვრობდით და კარგია, რომ ეს პროცესი დასრულდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ისევ შეძლებს გაერთიანებას.
რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, რა თქმა უნდა, იყო ე.წ პროცედურული დარვევები, ასევე სხვა სახის დარღვევები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ვერანაირ გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგზე ვერ მოახდენდა”, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,52 %-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი 40,48 %-მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები