„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ – სამეფო უბნის თეატრი „ფოლიას“ პრემიერას უმასპინძლებს

25 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თბილისის ბაროკო ფესტივალის მორიგი კონცერტი გაიმართა. იმ საღამოს ჰაიდნის 2 სიმფონია და მოცარტის „რეკვიემი“ შესრულდა.
ასრულებდნენ: „საქართველოს სინფონიეტა“, ანსამბლი ZEFIRO, თბილისის გუნდი „ბაროკო (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი) და სოლისტები: მარია კუბლაშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე (ტენორი), გივი გიგინეიშვილი (ბანი).
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, დარბაზი სავსე იყო მსმენელებით, უამრავი ხალხი ფეხზე იდგა და ისე უსმენდა მუსიკას, არც ოვაციებს იშურებდნენ მუსიკოსებისთვის.
„საღამომ მართლაც დიდი წარმატებით ჩაიარა, რაც არა მხოლოდ შესრულების მაღალი პროფესიონალიზმის, არამედ თავად კონცერტის პროგრამის დამსახურებაც იყო. ქართველი მსმენელი ყოველთვის დიდი ინტერესით ეკიდება მისთვის კარგად ნაცნობ პროგრამას და ყოველთვის ცდილობს არ გამოტოვოს თუნდაც უკვე მრავალჯერ მოსმენილი ნაწარმოები. ამ დროს იგი გაცილებით კრიტიკულია შეფასებაში, რაც შემსრულებლების პასუხისმგებლობას აათმაგებს. უამრავი მსმენელი, 25 ნოემბერს სწორედ მოცარტის „რეკვიემის“ მოსასმენად მოვიდა, მითუმეტეს ყველას ძალიან აინტერესებდა, თუ რას ნიშნავდა მისი ავთენტური შესრულება.
„საქართველოს სინფონიეტამ“ ურთულესი ამოცანა დაისახა: შესრულებაში უნდა ყოფილიყო მოცარტის ორიგინალი ხელნაწერის პარტიტურის მიხედვით გათვალისწინებული ინსტრუმენტები და შესრულების სტილი კომპოზიტორის ეპოქასთან მაქსიმალურად მიახლოებული.
იმ დღეს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მართლაც იყო წარმოდგენილი XVIII საუკუნის ინსტრუმენტები და რაც მთავარია, ორკესტრის შემადგენლობაში იყო მოცარტის საყვარელი ინსტრუმენტები: ბასეტ ჰორნი და ორგანი, რაც საქართველოში პირველი პრეცედენტი გახლდათ. ის რომ ქართველმა მსმენელმა შესრულების ეს ვერსია დიდი აღფრთოვანებით მიიღო, მათი დიდი ოვაციები, ზოგიერთის თვალზე ცრემლი, შეძახილები „BRAVI TUTTI” და კონცერტის ბოლოს შესრულებული ორი ბისი მოწმობს. უამრავი ადამიანი კონცერტის ბოლოს კულისებში ულოცავდა ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს და ეკითხებოდნენ კიდევ როდის შეასრულებდნენ.
ყველა შემსრულებელს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ „საქართველოს სინფონიეტა“ მომავალში არაერთ შედევრს გააცოცხლებს ორიგინალში. ამას ქართველი მსმენელი ფესტივალიდან ფესტივალამდე სულმოუთქმელად ელის, თუმცა სულ მალე – 1, 2 და 3 დეკემბერს, სამეფო უბნის თეატრში დიდი სიურპრიზი ელოდება ბაროკოს ფესტივალის ერთგულ მსმენელს. პირველად საქართველოში, ქართულ სცენაზე, ძველებური მუსიკის და თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზი მოხდება. „საქართველოს სინფონიეტა“ და გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, წარმოგიდგენთ ერთობლივი პროექტის პრემიერას – თანამედროვე ბალეტ „ფოლიას“.
ფოლია მე-15 საუკუნის პორტუგალიური წარმოშობის ცეკვაა, რომელიც შემდეგ იტალიასა და საფრანგეთში გავრცელდა როგორც „Folie d’Espagne“. ამ ცეკვას ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცები ასრულებდნენ კასტანეტებით. სახელწოდება „ფოლია“ უკავშირდება სიგიჟეს, ან შემსრულებლის თავქარიანობას. მას შემდეგ რაც ეს მელოდია გამოჩნდა 1650 წელს და ლულიმ 1672 წელს გამოსცა, უამრავმა კომპოზიტორმა დაწერა სხვადასხვა ვარიაციით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია კორელის 1700 წლის გამოცემა, აგრეთვე აღსანიშნავია მარენ მარეს, ანტონიო ვივალდის, ლუიჯი პერგოლეზის და სხვათა ფოლიები. მე-19 და მე-20 საუკუნის კომპოზოტორებიც ასევე ხშირად იყენებდნენ „ფოლიას“ თემას თავიანთ ნაწარმოებებში“, – აღნიშნავს თეა მუქერია.
სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილ სპექტაკლში კი ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და ანტონიო ვივალდის „ფოლია“ გაჟღერდება.
პროექტის იდეის ავტორი და ინიციატორი გახლავთ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, ხოლო სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე.
მონაწილეობენ: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი: ინტიგამ მამედოვი, ნათია ბუნტური, მარიამ დარჩია, ნატალია კუკულაძე, მარიამ ქოიავა, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი (დასის სამხატვრო ხელმძღვანელი – მარიამ ალექსიძე), თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ეტიენ გალეტიე (თეორბო, ბაროკოს გიტარა).
სპექტაკლში ჟღერს: ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მუსიკა.
სამეფო უბნის თეატრში, 1, 2 და 3 დეკემბერს, 19:30 საათზე, გაიმართება სპექტაკლის 3 საპრემიერო წარმოდგენა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სამეფო უბნის თეატრის სალაროში, „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7 და ონლაინ www.biletebi.ge.

ფოტო: თინა ყაზახიშვილი
დიზაინი: ბესიკ დანელია
აფიშაზე ინტიგამ მამედოვი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები