“შეიძლება მოვკვდეთ” – დღემდე უცნობი მტკიცებულებები აჰმედ ჩატაევის საქმიდან – რა საფრთხე ელოდა ქვეყნას?

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა. ერთი წლის თავზე „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა საერთაშორისო ტერორისტის, აჰმედ ჩატაევის დღემდე უცნობი მიმართვა თანამებრძოლებისა და პოტენციური ჯიჰადისტებისთვის. გამოცემას ასევე, ხელში ჩაუვარდა სპეცოპერაციის შემდეგ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და მეხსიერების ბარათიდან ამოღებული შემზარავი კადრები, სადაც ასახულია, როგორ უსწორდებიან ჩატაევის თანამებრძოლები უდანაშაულო ადამიანებს. კადრები საკმაოდ შოკისმომგვრელია, ამიტომ „პრაიმტაიმი“ მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვეყნებბს და ისიც მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ აჰმედ ჩატაევი და „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა წარმომადგენლები.

„ეს კადრები ნათლად ადასტურებს, რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ჩატაევის დაჯგუფება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც ერთი წლის წინათ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, უდავოდ დიდი საფრთხე აირიდა“,– წერს გამოცემა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საერთო ჯამში 600-ზე მეტი ფაილია ამოღებული, მათ შორის გახლავთ ვიდეომიმართვა, სადაც ჩატაევთან ერთად გამოსახულნი არიან ერთი წლის წინათ სპეცოპერაციის დროს, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული შოაიფ ბორზიევი და სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებული იბრაგიმ ადაშევი, იგივე აბუ ჰურეიერა.

მიმართვაში აჰმედ ჩატაევი განმარტავს, რომ ამ ვიდეოს იღებს მხოლოდ ძმებისთვის, ანუ შიდა მოხმარებისთვის. მიმართვაში, ჩატაევი საქართველოსაც ახსენებს.

„ეს ვიდეო არის ძმებისთვის და არა გამოსაქვეყნებლად. ვალდებული ვარ, იცოდეთ, რას ვსაუბრობ. ამ გზაზე ჩვენ ერთნი ვართ და ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. მე სადაც არ ვყოფილვარ, სხვადასხვა ქვეყანაში, ავსტრიაშიც და საქართველოშიც, ყველგან და ყოველთვის ვიყავი მუსლიმანი ძმების გვერდით. მათთვის არ მიღალატია. მთელ ჩემს ენერგიას ამ გზაზე ვხარჯავდი და ასე უნდა ვიყოთ მომავალშიც. ამ გზაზე მე, ან თქვენ შეიძლება მოვკვდეთ და ეს ყველა ძმამ უნდა ვიცოდეთ“, – ამბობს აჰმედ ჩატაევი  მიმართვაში.

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „პრაიმტაიმთან“ იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანამ ერთი წლის წინათ სწორედ აღნიშნული სპეცოპერაციით აირიდა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებასა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა.

დაპირისპირების დროს მთლიანად განეიტრალდა ბინაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი, ასევე, რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი. სპეცოპერაციის დროს დააკავეს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი შოაიფ ბორზიევი.

გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ვანო გოლაშვილი პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა. სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის გარდაცვლილი სპეცრაზმელი სპეციალური მედლით დააჯილდოვა, რომელიც მის მეუღლეს გადაეცა.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ერთი წლის წინათ უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანას უპრეცედენტო საფრთხე აარიდა, თუმცა დღეს ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად იქცა.

„სამწუხაროდ, მოსახლეობამ ეს საფრთხე ვერ აღიქვა, იმის მიუხედავად, რომ ქალაქის ცენტრში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. საკმაოდ ინტენსიური შეტაკებები ვიხილეთ და უფლის წყალობით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა სრულიად შესაძლებელი იყო, რომ სავალალო შედეგებით დასრულებულიყო. სამწუხაროდ, იყო დანაკარგი სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობიდან ვანო გოლაშვილის სახით. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ოჯახს, მოვიგონო ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას შეეწირა. თუ ვიმსჯელებთ იმ მონაცემებით, რომლებიც შემდგომში ნელ-ნელა ქვეყნდებოდა და აქვეყნებდნენ საგამოძიებო სტრუქტურები, საფრთხე, რა თქმა უნდა, სრულიად რეალური იყო და კარგი იქნება, თუ ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  და სპეციალურ სამსახურებს ასეთ სიტუაციებში გაცილებით მეტ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, ვიდრე მთელი ამ წლის განმავლობაში საზოგადოების და ზოგადად, მედიის მხრიდან არის“, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, თუ გასულ წელს ჩატარებულ ანტიტერორისტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები იარსებებდა, ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მყისიერი რეაქცია მოჰყვებოდა. სალუქვაძე ფიქრობს, რომ ოპერაცია, ისევე როგორც შემდგომში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებები პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით ჩატარდა.

„არა მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით, ზოგადად, საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები და სპეციალური სამსახურები პარტნიორ ქვეყნებთან. მსგავს სიტუაციებში, როცა სუსი აჟღერებს ინფორმაციას რამდენჯერმე, რომ დავუშვათ, ესა თუ ის გამოძიება, ესა თუ ის ექსპერტიზა ჩატარდა, ან მონაცემები იქნა მოპოვებული ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, მერწმუნეთ, იქ რომ რაიმე კითხვის ნიშნები იყოს, ამას აუცილებლად მოჰყვება მათი, განსაკუთრებით კი, ამერიკის სხვადასხვა სტრუქტურიდან რეაქცია, რადგან არავინ მისცემს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების დროს სხვა სახელმწიფოების ძალოვანი  სტრუქტურების სახელის გამოყენების საშუალებას. გამორიცხულია, რომ რაიმე სიცრუეზე  დავიმოწმოთ ამერიკის სპეცსამსახურები და ამას შესაბამისი რეაქცია არ მოჰყვეს. შესაბამისად, თუ იმ ინფორმაციებს გავაანალიზებთ, მასალები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს – კომპიუტერი, მეხსიერების ბარათები, სატელეფონო ზარები, სმს-ები (გადარიცხვები), ეს ყველაფერი ბადებს საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირები აქ მხოლოდ გამოსაზამთრებლად არ იყვნენ ჩამოსულები“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

რამდენად სწორად წარიმართა ერთი წლის წინათ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია და შესაძლებელი იყო თუ არა ნაკლები დანაკარგი? ამ საკითხთან დაკავშირებით, სალუქვაძე ამბობს, რომ საფრთხე იმდენად სერიოზული იყო, რომ შესაძლოა, ყველაფერი გაცილებით მძიმე შედეგით დასრულებულიყო.

„სპეცსამსახურების საქმიანობა ფასდება შედეგებით. იყო ბევრი კრიტიკა ამ ოპერაციასთან დაკავშირებით, დიდხანს გაიწელაო, – ამბობდნენ და ა.შ. იოლია, გვერდიდან ცქერა და კრიტიკა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკმაოდ სახიფათო იყო ქალაქის ცენტრში სიტუაცია. მჭიდროდ დასახლებულ უბანში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს და სიფრთხილე იყო საჭირო, თორემ შეიძლებოდა დინამიტის დადება და აფეთქება მთელი სადარბაზოსი, მერე რა ​შედეგებით დამთავრდებოდა, საკითხავია… სამართალდამცველებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს. ვინც ადგილზე ოპერაციას აწარმოებს და უშუალოდ შეხებაშია, ყველაზე კარგად მათ იციან, როგორ სჯობს მოქმედება. რა თქმა უნდა, უფრო სწრაფ მოქმედებას, შესაძლოა, მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა. ამასაც ვერ გამოვრიცხავთ, რადგან ისინი შენობაში იყვნენ გამაგრებულები. უამრავი ანტიტერორისტული ოპერაცია მინახავს, მათ შორის  ძალიან ხშირად ტარდება ჩრდილოეთ კავკასიაში და იქაც საათობით, ხან მთელი დღე გრძელდება ოპერაცია. პირველ რიგში, ხდება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც განსაკუთრებით გააქტიურდა „ისლამური სახელმწიფო“ და მთელი მსოფლიო ამ საფრთხის წინაშე დადგა, საქართველომ მოახერხა ტერორისტული აქტების თავიდან აცილება.

„აქ სპეცსამსახურების როლის გამორიცხვა ძალიან დიდი უსინდისობა და უპატივცემულობაა. ისინი, რისკისა და დაუღალავი შრომის ფასად, ჩვენ გვიცავენ. ეს არ არის მხოლოდ სუსი, არის პოლიცია, საგარეო დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურები. ამას დაფასება სჭირდება“, – აცხადებს სალუქვაძე.

რაც შეეხება უშუალოდ აჰმედ ჩატაევს, ანალიტიკოსის აზრით, თავის დროზე სასამართლოს ის არ უნდა გაეთავისუფლებინა, თუმცა სალუქვაძე, ყურადღებას ამახვილებს მოწმეების მიერ ჩვენების შეცვლის ფაქტზე.

„რატომღაც ყველა ფიქრობდა, რომ ჩატაევი ამნისტიით გამოვიდა, იყო ასეთი ჭორებიც, თუმცა გაირკვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით იყო გათავისუფლებული და როგორც მახსოვს, გარკვეულმა პირებმა ჩვენებები შეცვალეს (მესაზღვრეებმა), იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსი სინანულს გამოთქვამს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა რატომღაც დაივიწყა, რომ ერთი წლის წინათ ამ სპეცოპერაციასა და ქვეყნის უსაფრთხოებას ქართველი სპეცრაზმელი შეეწირა. მისი თქმით, ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად იქცა.

„ეს სპეცოპერაციაც ხელისუფლებასთან ბრძოლისა და დაპირისპირების ინსტრუმენტად გარდაიქმნა. თავიდანვე ვთქვი, რომ სანამ ურემი არ გადაბრუნდება, სანამ რაიმე მძიმე ტრაგედია არ მოხდება, ჩვენ ჭკუას ვერ ვისწავლით. ევროპაში მსგავსი დამოკიდებულება გამორიცხულია. საფრანგეთში, ბელგიაში მოხდა ტერაქტები, ასევე, დიდ ბრიტანეთში, შარშან, შარშანწინ… როგორ წარმოგიდგენიათ, ოდნავ ეჭვიც რომ ჰქონდეთ იქაურ სპეცსამსახურებს, რომელიმე პირთან მიმართებაში, თუნდაც ერთი საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდეს „სუფთა მოქალაქის“ მიერ არა თუ ტერორისტებთან, არამედ ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილ პირთან, რა რეაგირება ექნებათ უსაფრთხოების სამსახურებს? მოექცევიან, თუ არა ისინი ისეთივე სტრესის ქვეშ, როგორც ჩვენთან იმყოფებიან ძალოვნები, როგორც პოლიცია, ისე სუსი. ეს გამორიცხულია. იქ საზოგადოებამ იცის უსაფრთხოების ფასი. ჩვენ რატომღაც ასეთ სენსიტიურ თემებს ვიყენებთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისთვის და ზღვარგადასულად ვუტევთ იმ სტრუქტურებს, რომლებიც უსაფრთხოების ხერხემალს წარმოადგენენ. ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, უნდა იყოს ხელისუფლების გვერდით. ნებისმიერი ანტიტერორისტული ოპერაცია, ნებისმიერი სხვა ოპერაცია, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებენ, უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება რამე მოინათლოს ანტიტერორისტულ ოპერაციად და ძალოვნებს ჰქონდეთ სრული თავისუფლება და რაც სურთ, იმას გააკეთებენ. ან ნებისმიერ ადამიანს მონათლავენ ტერორისტად, მაგრამ ხომ ვიხილეთ, ვისთანაც გვქონდა საქმე. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს ეს ხალხი გამოატარეს, შემოიყვანეს, მიიღეს… მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება მსგავსს საკითხებთან. ამ დაპირისპირებების გამოა ზუსტად ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას ეწირებიან, გმირობას ჩადიან, ისინი დავიწყებას მიეცემიან ხოლმე. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველა პრეზიდენტს თავისი ვეტერანები ჰყავს, თავისი ომი აქვს, ყველას თავისი გმირი ჰყავს. ძალოვნები ისევ დაყოფილები ვართ. სამწუხაროა, რა თქმა უნდა. ალბათ, ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს შედეგია ეს ყველაფერი. ჯერჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებული, არ გვაქვს გათავისებული საფრთხეები, ტკივილები და ა.შ. რამდენად მოწყვლადია სახელმწიფოსთვის მსგავსი თემებით მანიპულირება და სპეკულირება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რამე მოხდეს და მაგით გავხდეთ ერთიანები, როგორც ზემოჩამოთვლილ სახელმწიფოებში არიან, რომელთაც იციან მშვიდობისა და უსაფრთხოების ფასი. ეს ყველაფერი თავისით არ მოდის“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამირან სალუქვაძე.

აქვე მკითხველს შევახსენებ, რომ გასული წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან სამართალდამცველებმა მთელი რიგი მტკიცებულებები ამოიღეს.

„სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან  ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობიდან მოპოვებულია ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანი იყო დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები“, – ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია.

ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ სწორედ ჩატაევის კომპიუტერში დაცული მონაცემებისა და ბინიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა კავშირი პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. სავარაუდოდ, ისინი აჰმედ ჩატაევის ზემოხსენებული ვიდეომიმართვის ერთ-ერთი ადრესატები არიან – „მე ან თქვენ შეიძლება მოვკვდეთ და ეს ყველა ძმამ უნდა ვიცოდეთ“.

2017 წლის 26 დეკემბერს სწორედ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული მტკიცებულებებისა და სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე სპეცოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობაში, კერძოდ, დუისსა და ომალოშიც, რა დროსაც ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი. მკურნალობის მიზნით, მისი გადაყვანა ავსტრიაში იგეგმებოდა, თუმცა ავსტრიულმა მხარემ პაციენტის მიღებაზე უარი განაცხადა, რაც ავსტრიის შს მინისტრმა მოსალოდნელი საფრთხეებით ახსნა. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით  საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა, ასევე, უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში“, – განმარტეს უსაფრთხოების სამსახურში.

ბინა, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს, ვარკეთილში კალაუბნის ქუჩაზე მდებარეობს. სწორედ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები მანამ, სანამ ისინი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში გადაინაცვლებდნენ. გარკვეული პერიოდი, მათთან ერთად ამავე ბინაში ცხოვრობდა თემირლან მაჩალიკაშვილიც, თუმცა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ თემირლანი აღნიშნულ პირებს ნამდვილი სახელითა და გვარით არ იცნობდა და არც მათი გეგმების შესახებ ჰქონია ინფორმაცია. მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ აღნიშნულ ბინაში ტერორიზმში მხილებულ მდგმურებს  WFI-ს პაროლად სახელი „თემირლანი“ ჰქონდათ დაყენებული.

რამდენიმე თვის წინ ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც გააცნეს. ექსპერტიზა ქართულ მხარესა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ეს არის ნაწილი სმს-ს მიმოწერიდან, რომელიც მაჩალიკაშვილების ადვოკატს საგამოძიებო ორგანოში გააცნეს:

თემირლანი: თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის, ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები

უცნობი: ხოო, გავიგე.

თემირლანი: და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში.

უცნობი: ჰოო…

თემირლანი: და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი.

თემირლანი: ქალაქში, მეტროსადგურის მოედნის გაჩერების შიგნით.

უცნობი: კარგი რა, საკმარისია.

თემირლანი: თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის.

უცნობი: ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი…

მარიამ კუბლაშვილი, ადვოკატი:

„ჩატარებული ექსპერტიზით გაშიფრულია შემავალ-გამავალი ინფორმაციები და შემიძლია, დავადასტურო, ვისთან იყო მიმოწერა. ეს არის გოგონა, როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ პირადი ურთიერთობა. აქვთ დიდი ხნის ურთიერთობა. 400-500 გვერდია, რომელიც პირადად მათ მიმოწერას ეხება და არის აბსოლუტურად სხვა კონტექსტში გადმოცემული. ერთი ფაილია, რომელიც ვიდეოკადრია, რომელიც მე ვერ ვნახე და შემდეგ შეფასებაა და თემირლანის ხუმრობაა. იმის დადასტურება, რომ ნამდვილად ეს არის თემირლანის მიმოწერა და ის ამას უგზავნის  გოგოს, ამის დადასტურება შემიძლია. აქ მე ვერ ვნახე, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ან რაიმე ხმოვანი შეტყობინება ჰქონდეს გაგზავნილი, ან ფიქსირდებოდეს მისი ხმა, რომელიც ეხება რაიმე ფულად გადარიცხვებს-გადმორიცხვებს, ან რაიმე დანაშაულებრივ კავშირებს, რომელიც უკავშირდება ჩატაევს. ეს არანაირად არსად არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურაში მასალების გაცნობის შემდეგ.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მეტროში თავის აფეთქების შესახებ, ამ კითხვას ადვოკატი ასე პასუხობს:

„ეს არის თემირლანის ხუმრობით გაგზავნილი შეტყობინება, რომელსაც გაშიფვრა სჭირდება, რამდენად სწორი თარგმანია, თუმცაღა ჩემთვის კონტექსტი გასაგებია – ეს არის ხუმრობა, რომელიც ამ გოგონას მიმართ არის, რომ მე ამას გავაკეთებ, თითქოს მე ამას ჩავიდენ და არის გარკვეული ხუმრობა. მაგრამ შემდგომ უკვე სხვანაირად არის განმარტებული. ის, რაც მერე მედიამ გააშუქა, არის მხოლოდ ეს ფრაგმენტი ამოჭრილი და მისი დასასრული აღარ არის“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

ტერორიზმის საქმეზე გასულ კვირას გარდაცვლილი სპეცრაზმელის ვანო გოლაშვილის წლისთავზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მცირე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა.

„ძალიან მინდა ბევრი დეტალი მოვყვე და ხალხს ვაჩვენო, რა იგეგმებოდა. დრო მოვა, ყველაფერს ფარდა აეხდება“, – განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

სუსის უფროსის განცხადებით, ბევრ რამეს აეხდება ფარდა, რაც გასულ წელს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ საქმეებს ეხება. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ბევრი დეტალია, რაზეც მას ახლა საუბრის უფლება არ აქვს.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები