„ევროპული საქართველოს“ უკვე ყოფილი წევრები გიგი უგულავას განცხადებამ გააღიზიანა (ვიდეო)

“ევროპული საქართველოს” სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები, რომლებმაც დღეს პარტია დატოვეს და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ მათი გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთებულმა განცხადებამ გააღიზიანა.
„კვირასთან“ საუბარში ისინი კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს აქამდეც იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები და გიგი უგულავას ბრალდებებს უარყოფენ.
“აქამდე არასდროს მქონია კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ .“ევროპული საქართველოდან“ წამოვედი, რადგან ისინი მხარდაჭერას უცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც ჩემთვის მიუღებელია“, – აცხადებს “ევროპული საქართველოს ” უკვე ყოფილი წევრი ნიკა სარიშვილი.
„კვირასთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა სირბილაძე ადასტურებს, რომ ის პირები, რომლებმაც დღეს „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს, ნამდვილად აღნიშნული პარტიის წევრები იყვნენ.
„ეს ადამიანები ნამდვილად იყვნენ “ევროპული საქართველოს”წევრები და ახლა შემოუერთდნენ პარტია”ქართულ ოცნებას”. მათთვის შეურაცხმყოფელი იყო უგულავას ეს განცხადება“, -აღნიშნა მანანა სირბილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპული საქართველო“ სამტრედიაში 150-მდე ადამიანმა დატოვა. შესაბამისი განცხადება მათ ქალაქის ცენტრში გააკეთეს და გადაწყვეტილების მიზეზზე ისაუბრეს. ისინი მოტივად „ევროპული საქართველოს“ მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას ასახელებენ.
„ევროპული საქართველოს“ უკვე ყოფილი წევრები „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს. მათ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა პარტიის, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
“ეს ამბავი არის წმინდა წყლის ტყუილი. ერთი კაცი იყო ჩვენთან, საშუალო რგოლში, დანარჩენი მისი ნათესავები და ჩვეულებრივი “ოცნების” შტაბიდან “მოხიკული” ხალხია. გუშინ კალაძე იყო სამტრედიაში და ეს უნიჭობა დაავალა. თავის მხრივ, ივანიშვილმა თბილისზე ხელი ჩაიქნია და კალაძეს უთხრა, სამტრედიას მიხედეო. მიხედა”, – დაწერა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები