მამუკა ბახტაძემ ბათუმის რესტავრირებული თეატრი დაათვალიერა – “ბათუმის თეატრი იძენს ახალ სიცოცხლეს”

“ბათუმის თეატრი იძენს ახალ სიცოცხლეს, მინდა ყველა ბათუმელს და მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, რესტავრირებული ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თეატრის რესტავრაციისთვის ფონდ “ქართუს” მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის თეატრი ყოველთვის განსაკუთრებული როლით გამოირჩეოდა ქართული თეატრის ისტორიაში.

“ეს არის მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო აქ მოღვაწე საზოგადოებას, ყველა თაობის რეჟისორსა თუ მსახიობს და რა თქმა უნდა, თქვენს ერთგულ მაყურებელს. შენობა აღდგენილია ისე, რომ შენარჩუნებულია ყველა ისტორიული ნიუანსი, უნიკალური მხატვრობა, უნიკალური ჭაღები და კოლონები. ეს ყველაფერი გააკეთა ფონდმა “ქართუმ”. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული თეატრისა და ზოგადად, ქართული კულტურის გულშემატკივარს, ბიძინა ივანიშვილს ამ დახმარებისთვის.
ბათუმში თეატრის ისტორია იწყება 19-ე საუკუნის 70-იან წლებიდან. ის ყოველთვის თავისი უნიკალური ხელწერით გამოირჩეოდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიციები გაგრძელდეს. განახლებული ბათუმის თეატრი საშუალებას მოგცემთ, სრულფასოვნად და მთელი ძალით წარმოაჩინოთ ქართული ხელოვნების პოტენციალი. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად, სხვა მსოფლიო დასებსაც ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ეს კიდევ უფრო  გაუსვამს ხაზს ბათუმის, როგორც ფესტივალების ქალაქის სტატუსს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართული თეატრის და ზოგადად, ქართული კულტურის გულშემატკივრებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია ფონდ “ქართუს” მიერ 14,5 მლნ. ლარით დაფინანსდა. გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მისცემს დასს, განახორციელოს ყველაზე თამამი ექსპერიმენტები და უმასპინძლოს მსოფლიო დონის თეატრალურ დასებს. შენობაში არსებული დიდი და მცირე სცენა, პარალელურ რეჟიმში, სხვადასხვა წარმოდგენის გამართვას  გახდის შესაძლებელს. თეატრი გათვლილია 480 მაყურებელზე და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები