ნათია მეზვრიშვილი საარჩევნო გარემოზე: კარგი იქნება ადამიანები ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხოლმე განცხადებების გაკეთებას და რაც მთავარია, გარკვეული არგუმენტაცია წარმოადგინონ

კარგი იქნება, როდესაც რაიმე განცხადება კეთდება, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან გაკეთდება ეს განცხადება, ადამიანები ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხოლმე განცხადებების გაკეთებას და რაც მთავარია, გარკვეული არგუმენტაცია წარმოადგინონ,- ამის შესახებ გაცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას გააკეთა.
“იგივე მარნეულის ინციდენტი, ბუნებრივია ამას პროკურატურა იძიებს და სათანადო დასკვნას პროკურატურა გააკეთებს ამაზე, მაგრამ როგორც მოგეხსნებათ, შუალედური ინფორმაცია უკვე გავრცელდა.
ადამიანები, მათ შორის მარნეულის აღნიშნულ ინციდენტზე, ან არ მოდიან და ჩვენებას არ იძლევიან, ან უფრო მეტიც, გავრცელდება ხოლმე ვიდეომასალა, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ იკვეთება.
ანალოგიური შემთხვევა გვქონდა გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ოზურგეთში ძალადობას ჰქონდა ადგილი. თითქოს ადამიანები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გრიგოლ ვაშაძის პლაკატების გაკვრის დროს ფიზიკურ ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი.
ვიდეო-კადრებში, რომელიც ასევე გავრცელდა. არანაირი დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება. ანალოგიური შემთხვევები მრავლად არის, სამწუხაროდ პრაქტიკაში.
მაგალითად უნდა მოვიყვანოთ ონის შემთხვევა, სადაც არანაირი პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება და სამწუხაროდ გარკვეულმა ადამიანებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა. ეს იყო ჩვეულებრივ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი, რომელსაც შედეგად მოჰყვა მკვლელობის მცდელობა.
ბრალდებულის დაკავება განხორციელდა დაუყონებლივ და იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ საქმეზე იმიტომ, რომ შემთხვევის ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა, მოგეხსნებათ, ეს საქმე გამოსაძიებლად გადაცემული აქვს პროკურატურას და დაცვის პოლიციელს შეჩერებული აქვს უფლებამოსილება“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები