რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები მიუთითებს, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით ტარდება

“საქართველოში არ არის ადამიანი და მგონი თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებშიც ძალიან რთულად იპოვნით ისეთ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ 2012 წლის არჩევნები უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდა, ვიდრე წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური“, – ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას.
იონათამიშვილის თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები ყოველწლიურად უფრო მაღალი სტანდარტით ტარდება და უფრო დამოუკიდებელი, უფრო დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალეა.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი რასა იუკნევიჩიენე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დაესწრო.
„2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან”, – განუცხადა რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები