“ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ საქართველო იყოს წარმატებული როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”

“2012 წლიდან, სწორედ მაღალი სტანდარტების დაცვით არჩევნების ჩატარება გახდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ხელწერა, რამაც უზრუნველყო საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისევე, როგორც ყველა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც ასევე ჩატარდება, უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

„2012 წლიდან, შეგიძლიათ ნებისმიერ საერთაშორისო ანგარიშს გაეცნოთ, საქართველოში ყველა არჩევნები ჩატარდა ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით. 2012 წელს როგორც ჩატარდა, ეს მოსახლეობას კარგად ახსოვს. კონტრასტს ვავლებთ ჩვენ 2012 წლის არჩევნებთან. არჩევნები, რომელიც გველოდება წინ, მეორე ტური, ის ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით, იმ სტანდარტების დაცვით, რომლის გარანტიც გახლავთ სწორედ „ქართული ოცნება”. რამდენიმე დღის წინ, მე დავბრუნდი ბრიუსელიდან და ეს არის ყველაზე სწორი გზავნილი, თუ რა წარმატებები აქვს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. საქართველო აღიარეს ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ხაზი მინდა გავუსვა – ყველაზე წარმატებულ ქვეყნად და საქართველოსთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც ევროკავშირი ესაუბრება სწორედ ამ სტატუსით. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო წარმატებულია ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე და ეს არის საქართველოს ხელისუფლების ეროვნული ინტერესი.
„იგივე გახლავთ ჩვენი ინტეგრაცია ნატოში. ჩემი მოსაზრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში უპირველეს ყოვლისა, შედის ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში და ნატოში, აქ კითხვის ნიშანს ვინც სვამს, მე ქართველი პოლიტიკოსები მყავს მხედველობაში, ისინი უკეთებენ თავიანთ სამშობლოს ყველაზე ცუდ საქმეს, რაც კი შეუძლიათ გააკეთონ, ასეთი უპასუხისმგებლო შეფასებებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ქართველ პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი. იმიტომ, რომ საქართველო წარმატებულია ამ გზაზე და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. ამ შემთხვევაში, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ პარტიულ წარმატებაზე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება” უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ საქართველო იყოს წარმატებული როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები