მამუკა ბახტაძემ თელავში რაგბის სტადიონი დაათვალიერა და ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა

“კახეთი და თელავი ყოველთვის ეხმარებოდა ქართულ სპორტს, ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, ეს ბაზა მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ მეტი პოპულარიზაცია მოხდეს რაგბის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თელავში, რაგბის სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაური ახალგაზრდა მორაგბეებს გაესაუბრა და მათ ვარჯიშს დაესწრო.
„დღეს, თელავში გავხსენით ახალი ბაზა მორაგბეებისთვის. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ქართული რაგბისთვის. იცით, რომ ყველა დიდ ქალაქში ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი ბაზები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს”, რომელმაც უკვე 200 მილიონის ინვესტიცია განახორციელა რაგბის ინფრასტრუქტურაში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ბიჭებს დღეს ტონგასთან თამაშში წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თელავის რაგბის სტადიონი, რომლის მშენებლობაც ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, 2017 წელს დაიწყო, მოიცავს ერთ ბუნებრივსაფარიან და ერთ ხელოვნურსაფარიან მოედანს, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7,8 მილიონი ლარია.
2012-2018 წლებში, სახელმწიფომ, „რაგბის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, 71 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, რაც მოხმარდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მოსამზადებელ შეკრებებს, მგზავრობას, ამუნიციას და ა.შ. ხოლო ფონდმა “ქართუმ” სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების მშენებლობაზე 200 მილიონ ლარამდე დახარჯა. აშენდა და რაგბის კავშირს მართვაში გადაეცა სტადიონები და ბაზები  –  თბილისში, რუსთავში, მარტყოფში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, თელავში, ასპინძასა და ფოთში. ყველაზე დიდი ინვესტიცია დედაქალაქში განხორციელდა – თბილისს 5 სარაგბო კომპლექსი შეემატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები