შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული და ძლევიჯვრის მაგისტრალური არხების ტრაპეციული და მართკუთხა კვეთები სრულად მოპირკეთდება მონოლითური რკინაბეტონით ჰიდროტექნიკური ნაგებობები მოეწყობა. ასევე, გათვალისწინებულია არხებიდან გამომავალი გამანაწილებლების რეაბილიტაცია.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოები 1215 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ირიგაციას უზრუნველყოფს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღდგენილი სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფელ ფხვენისის, ქვემო ხვითის, შინდისის, ყელქცეულის, ბრეთის მეურნეობის, ძლევიჯვრისა და დირბის მოსახლეობა ისარგებლებს.
რეაბილიტირებული არხები წყალს სალთვისის სარწყავი სისტემის გ-2 გამანაწილებელ არხს მიაწვდის, რის შედეგადაც გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და თვითდინებით მორწყვის საშუალება ექნება 2928 ჰექტარ სავარგულს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2019 წლის ივლისში დასრულდება.
პარალელურად, გ-2 გამანაწილებელი არხის რეაბილიტაციაზე დეტალური პროექტის მომზადებაა დაწყებული, რომლის დასრულების ვადა 2019 წლის აპრილია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება 2019-2020 წლებშია დაგეგმილი.