“პირებს, რომლებმაც ოზურგეთში ვაშაძის ბანერის გაკვრისთვის ხელის შეშლა სცადეს, “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვთ”
გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ადამიანთა იმ ჯგუფის უკან, რომელებმაც ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრისას მუშებისთვის ხელის შეშლა სცადეს, ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, ადგილობრივები “კვირასთან” საუბარში არ ადასტურებენ.
როგორც გურიიდან “კვირას” კორესპონდენტი იტყობინება, მომხდარზე საუბრისას კოსტავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე მამაკაცები აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ დღეს არ გამოჩენილან, ისინი ადგილობრივები არიან და ე.წ. ბირჟაზე ხშირად იკრიბებიან ხოლმე.
ოზურგეთელები იმასაც ამბობენ, რომ აღნიშნულ პირებს “ქართულ ოცნებასთან” შეხება არ აქვთ და არც მათი აქტივისტები არიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მამაკაცმა ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრა გააპროტესტა და შესაბამისი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცადა. აღნიშნულ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისინი “ხელისუფლების ზონდერებად” და მაღალჩინოსნების დავალების შემსრულებლებად მოიხსენიეს.
საბოლოოდ, ტერიტორიაზე გრიგოლ ვაშაძის ბანერის გაკვრა მაინც მოხერხდა.