ონის საავადმყოფოს მენეჯერი დეტალებზე: “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ავარიაში მოყვა და დაჭრასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს
ონის საავადმყოფოს მთავარი მენეჯერის, ავთო ლებანიძის ინფორმაციით, დაჭრილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნოდარ ბურდილაძემ საავადმყოფოს თავად მიმართა.
თუმცა მისივე თქმით, პაციენტი აცხადებდა, რომ ავარიაში მოყვა და დაჭრასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
ამასთანავე, საავადმყოფოს მენეჯერის განცხადებით, იგი შოკურ მდგომარეობაში იყო, ამიტომ თავდაპირველად, მისი მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა.
“ნოდარ ბურდილაძე საავადმყოფოში დაახლოებთ 23:00 საათზე მოვიდა. როგორც მან ექიმებს უთხრა, ავარიაში მოყვა და მრავლობითი დაზიანება მიიღო. გასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მუცლის ღრუში ჰქონდა სისხლდენა და წელის არეში აღენიშნებოდა ტრავმა. მისი შოკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა სხვა საავადმყოფოში გადაყვანა.
როდესაც მდგომარეობა დასტაბილურდა, მხოლოდ მას შემდეგ, შევძელით ავადმყოფის თერჯოლის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა”, – აცხადებს საავადმყოფოს მენეჯერი.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ თითქოსდა ბურდილაძეს ექიმებმა ყურადღება იმის გამო არ მიაქციეს, რომ იგი “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. მისივე ინფორმაციით, დაჭრილმა ნოდარ ბურდილაძემ არც პოლიციას და არც სამედიცინო დახმარებას არ მიმართა და ნასვამ მდგომარეობაში დაჯდა თავისივე ავტომობილზე.
“კატეგორიულად უარვყოფ იმას, რომ პაციენტს ექიმებმა შეგნებულად არ მიხედეს. მისი მეგობრები იყვნენ იქ და მათ ჰკითხეთ და დაგიდასტურებენ, რომ ეს ასე არ ყოფილა.
რაც შეეხება იმას, რომ პაციენტი სარეგისტრაციოში გატარდა როგორც ავტოავარიაში მოყოლილი, ჩვენ გამომძიებლები არ ვართ და ვინაიდან იგი კონტაქტური იყო, რა ინფორმაციაც მოგვაწოდა ის დავწერეთ. ავარია საავადმყოფოდან 100 მეტრში მოხდა და მე თავად ვნახე დაზიანებული მანქანაც. პოლიციაშიც დავრეკე და ოპერატიულად გაირკვა, რომ პაციენტი ცივი იარაღით იყო დაჭრილი. ის ფაქტიც სიმართლეს შეესაბამება, რომ ბურდილაძემ არც პოლიციას და არც სამედიცინო დახმარებას არ მიმართა და ნასვამ მდგომარეობაში დაჯდა თავისივე ავტომობილზე”, – განაცხადა ავთო ლებანიძემ.
შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გუშინ დაჭრა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დაჭრაში ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.